რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, სურკოვის კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, ცხინვალში ვითარება ვერ დარეგულირდა. რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი არაფრით არ წყნარდება. მისი აღშფოთების მიზეზი კი ადგილობრივი ცესკო და უზენაესი სასამართლოა. ერთმაც და მეორემაც ნაპრეზიდენტალს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს.
ცესკოს უარით შეურაცხყოფილმა კოკოითიმ სარჩელი უზენაეს სასამართლოში შეიტანა. განაჩენის გამოტანამდე ნაპრეზიდენტალი სასამართლოს შენობას თავის მომხრეებთან ერთად მიადგა. ძალოვანების ოპერატიულობის წყალობით, აქციის მონაწილეებმა შიგნით შეჭრა ვეღარ მოახერხეს.
ადგილობრივმა შსს-მ საგანგებო განცხადებაც კი გაავრცელა და მსგავსი ქმედების განმეორების შემთხვევაში, კოკოითის დაჭერით დაემუქრა. იმავე უწყებამ ცხინვალელებსაც სთხოვა, რომ არასანქცირებულ მიტინგებში მონაწილეობა არ მიეღოთ. ამ მოწოდებების მიუხედავად, ნაპრეზიდენტალმა მაინც მოახერხა მომხრეების მობილიზება. მის მხარდასაჭერად 300 რჩეული ჯიგიტი დაირაზმა.
კოკოითიმ და მისიანებმა თავის შეკავება მხოლოდ რამდენიმე დღეს შეძლეს. 19 მარტს ისინი ცხინვალის ცენტრში მთავრობის სახლის წინ შეიკრიბნენ. ისინი უზენაესი სასამართლოსგან ცესკოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ.
დღის ბოლოსთვის ცხინვალში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. კოკოითი და მისი 300 მხარდამჭერი ფეხის მოცვლას არ აპირებდა. ისინი განსაკუთრებით მას შემდეგ გაავდნენ, როცა უზენაესიდან აცნობეს, რომ სასამართლოს ძველ გადაწყვეტილებას ძალაში ტოვებდა.
ეს არეულობა რესპუბლიკის მეთაურის გამგზავრებას დაემთხვა. აქაური ლიდერი ლეონიდ თიბილოვი მოსკოვში იმყოფება. როგორც მის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ვიზიტი სამუშაო ხასიათისაა.
ოსური მედიის ცნობით, თიბილოვი დღეს, 21 მარტს, რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება, მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ კი კოკოითისაც მოუსმენს.
ნაპრეზიდენტალმა თავისი მომხრეები მხოლოდ ამ დაპირების შემდეგ დაშალა. როგორ განვითარდება მოვლენები ცხინვალში, ჯერჯერობით უცნობია. კოკოითი ამბობს, რომ უკან არ დაიხევს, თავისი გადაწყვეტილების შეცვლას არც უზენაესი სასამართლო აპირებს.
ადგილობრივი ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ცხინვალში შესაძლოა მოვლენები 2011 წლის სცენარით განვითარდეს. იმ არეულობის მთავარი შემოქმედიც კოკოითი იყო, ოღონდ მაშინ მას პრეზიდენტის პოსტი ეკავა.
მისი უშუალო მითითებით, ცესკომ რეგისტრაციაში არ გაატარა ძამბოლატ თედეევი. კოკოითის მსგავსად, მანაც უზენაესში გაასაჩივრა გადაწყვეტილება, მაგრამ ამაოდ. მისმა მომხრეებმა ცხინვალში აქციები დაიწყეს და საქმე ლამის სამოქალაქო ომამდე მივიდა.
თედეევს მაშინ სწორედ იმ მიზეზით უთხრა ცესკომ უარი, რომლითაც კოკოითი არ გაატარეს რეგისტრაციაში.
_ ეს შეზღუდვა კოკოითიმ წლების წინ ჩემთვის მოიფიქრა და ახლა თავად დაუბრუნდა ბუმერანგივით, _ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში თედეევმა.
როგორც ცხინვალში ამბობენ, ადგილობრივი შსს მას ხელს ვერ მოკიდებს. კოკოითის გაჩერება მხოლოდ მოსკოვს შეუძლია. სავარაუდოდ იქნება კიდევაც ზარი რუსეთიდან, თუ მოსკოვს ცხინვალში არეულობა არ აწყობს.
”ახალი თაობა”, შორენა მარსაგიშვილი

