ზაზა ფაჩულიამ და მისმა გოლდენ სტეიტმა ორლანდო მეჯიქი იოლად _ 122:92 დაამარცხა, სადაც ქართველ ცენტრს კიდევ ერთხელ მოუხდა შეხვედრა მონტენეგროელ ცენტრ ნიკოლა ვუჩევიჩთან, რომელთან ბრძოლაშიც კვლავ კარგად გაისარჯა და გოლდენ სტეიტის გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო. ფაჩულია იყო ერთადერთი, ვინც ამ მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა.
ოკლენდელებს მას შემდეგ, რაც ტრავმის გამო კევინ დიურანტი დროებით გამოაკლდათ, მოგებების მოპოვება უჭირთ, თუმცა `ჯადოქრებთან~ შეხვედრა ამ მხრივ გამონაკლისი იყო. გოლდენ სტეიტმა ფლორიდული გუნდი თავიდანვე ჩამოიტოვა და საბოლოოდ ისე დაამარცხა, სერიოზული წინააღმდეგობა არ შეხვედრია.
ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში 21 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 5 ორქულიანი ჩააგდო და 10 ქულა მოაგროვა. ამასთან ერთად ზაზას 10 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა ჰქონდა.
რაც შეეხება მის ოპონენტ ვუჩევიჩს, მონტენეგროელმა ცენტრმა 25 წუთი ითამაშა და 10 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ვუჩვიჩის 12 სროლიდან მხოლოდ 4-მა მიაღწია მიზანს.
ბოლო პერიოდის წინ გოლდენ სტეიტი 32 ქულით იგებდა, მატჩის ბედი გარკვეული იყო და ასპარეზი ძირითადად სათადარიგოებს დაეთმოთ. გამარჯვებულთაგან ასევე გამოირჩა კლეი ტომპსონი, რომელმაც 29 ქულა მოაგროვა. 25 ქულა და 9 პასი სტეფ კარის ანგარიშზეა.
გოლდენ სტეიტის კონკურენტმა სან ანტონიომ პორტლენდთან წაიფორხილა და მანამდე თანაბრად მყოფი, გოლდენ სტეიტს ცხრილში ჩამორჩა. ოკლენდელებს ახლა 54 მოგების წილ 14 მარცხი გააჩნიათ და მომდევნო მატჩში ფაჩულიას ყოფილ გუნდ მილუოკის უმასპინძლებს.

