ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა „ახალ თაობას“ განუცხადა, რომ მის წინააღმდეგ უცნაური კაპმანია დაიწყო.
_ ბოლო რამდენიმე დღეა, ჩემ წინააღმდეგ უცნაური რაღაცები ხდება. ეს დღეებია, ჩემს კოლეგას ეუბნებიან, რომ მე მიგზავნილი ვარ რაღაცა ჯგუფისგან და ვცდილობ, მამა გიორგი არ ვალაპარაკო. თურმე მის მაგივრად მე ვლაპარაკობ.
მარტივად გამოსაცნობია, თუ რატომ დაიწყო ჩემ წინააღმდეგ ასეთი კამპანია _ მე გაუთქმელობის ხელწერილზე ხელი მოწერილი არ მაქვს. ამათ ყველას ერთი რამე ავიწყდებათ _ სააკაშვილის დროს სანდრო გირგვლიანის დამცველი ვიყავი და იქ ვერ მომიხერხეს ვერაფერი. ასე რომ, ასეთ რაღაცებზე მხოლოდ ირონიულად მეცინება. სირცხვილია, ხალხო! – აცხადებს რამიშვილი.
მისი განცხადებით, დეკანოზი მამალაძე ციხეში შიმშილობს და წამლების მიღებაც შეწყვიტა.
_ მამა გიორგის დღეს მოვინახულებთ. შაბათ-კვირას ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. ჩვენ, მამა გიორგის ადვოკატები, სხვა ბევრ უფლებასაც მოკლებულნი ვართ რატომღაც.
საპატრიარქოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მამა გიორგი კი არ შიმშილობს, არამედ მარხვაზეა. ადრეც ვთქვი და ახლაც იმავეს ვიტყვი, თუ ეს არის მარხვა, მაშინ ყველამ კეთილი ინებოს და ასე იმარხულოს.
მართლმადიდებელი ვარ და საკმაოდ კარგად ვიცი, მარხვა რაც არის. ეს არ არის მარხვა. ადამიანი მარხვის დროს პურს ყოველთვის იღებს. მამა გიორგისთან რა კვების რაციონიც შეაქვთ, იგივე რაოდენობა გამოაქვთ უკან მისი ხელმოწერით.
მამაომ წამლების მიღებაც შეწყვიტა, არადა, მას გულის ოპერაცია აქვს გაკეთებული და წამლის მიღება მისთვის აუცილებელია, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

