33 წლის მსახიობი ანა ტყებუჩავა, ისე როგორც მისი გმირი ნინა სერიალში “ჩემი ცოლის დაქალები”, ორსულადაა. მშობიარობაც ერთდროულად “მოუწევთ” ზაფხულში. ანასთვის ეს მეორე შვილი იქნება, ნინასთვის – მეხუთე. ამ ყველაფერზე მსახიობი ჟურნალ “სარკესთან” საუბრობს.
– ანა, სერიალში თქვენი პერსონაჟი, ნინა ორსულადაა, თქვენს ცხოვრებაშიც სასიამოვნოა სიახლეა, შვილს ელოდებით. შესაბამისად, როლის თამაში ალბათ თითქმის არც გიწევთ, ბუნებრივად გამოგდით.
– რეალურ ცხოვრებაში – მეორედ, სერიალში კი, მე მგონი, მეხუთედ ვხდები დედა. იქ ბავშვების რაოდენობას არ ვითვლი, რადგან მათ ღამეებს მე არ ვუთენებ, ვისაც ვუთენებ, ის ჯერ ერთია. ახლა ორსულობის მეექვსე თვეში ვარ.
– ბავშვის სქესი იცით?
– ისევ გოგოს ველოდებით, ნენეს დაიკო ეყოლება.
– რადგან პირველი შვილი გოგონაა, ალბათ ბიჭის მოლოდინი გქონდათ, არა?
– გოგოს რომ ველოდებით, ამაზე მე და ლევანს გული ნამდვილად არ დაგვწყვეტია, თუმცა ბიჭის ყოლაც გვაინტერესებდა. ოდესღაც ბიჭიც გვინდა, მაგრამ ასე გიჟურად არ ვყოფთ – მაინცდამაინც ბიჭი ან გოგო იყოს.
– პირველ ორსულობას რომ შეადაროთ, როგორი შეგრძნებები გქონდათ მაშინ და ახლა როგორი გაქვთ?
– ნენეზე უფრო სხვანაირი შემართებით ვიყავი. როცა პირველია, თითქოს შენს თავსაც რაღაცებს უმტკიცებ, რომ არავის დახმარება გჭირდება.
ამ ორსულობის პირველი 3 თვე ყველაფერი მეზარებოდა, ისიც კი, რომ რამე სამოსი შემერჩია. მეზარებოდა რამეზე გონების დაძაბვა.
– ხომ არ ჭირვეულობთ? ქმარს ხომ არ აწვალებთ?
– კაპრიზები არც ორსულობამდე მქონია და არც ახლა მაქვს. უბრალოდ ამ ორსულობაზე უფრო შემიძლია ჩემს თავს უფლება მივცე, ვთქვა, დავიღალე და დღეს არ მივაკვდები ამ რაღაცას-მეთქი. ეს ორსულობა უფრო დალაგებულ-დაწყნარებული გამომივიდა.
საწყის ეტაპზე სულ მინდოდა, მძინებოდა. რაღაც პერიოდი წოლითი რეჟიმიც მქონდა. სერიალის გუნდმა, სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა ძალიან შემიწყვეს ხელი.
– სერიალის გადამღებმა ჯგუფმა როგორ მიიღო თქვენი ორსულობის ამბავი?
– როცა მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ მეორე შვილიც გვინდოდა, პროდიუსერ ირაკლი საღინაძეს ვუთხარი, ასეთი გეგმა მაქვს და რამდენად შეიძლება ნინაც ორსულად იყოს-მეთქი. არ არის პრობლემაო, მიპასუხა და მასაც და ქეთი დევდარიანსაც ძალიან გაუხარდათ. მოკლედ, სერიალშიც ამის თადარიგი დავიჭირეთ.
– ნინას მსგავსად, ხუთი შვილის დედობა წარმოგიდგენიათ?
– ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ხანდახან დავფიქრებულვარ. ალბათ სამი შვილის მერე რაღაც სპორტული ჟინი უჩნდებათ. სიამოვნებით ვიქნები მრავალშვილიანი დედა, რატომაც არა, თუ, რა თქმა უნდა, ამის დრო და ჯანმრთელობა მექნება. ნენეზე ორსულობის პერიოდშიც უკვე ვფიქრობდი მეორეზე და მალევე მინდოდა, მეორე შვილის გაჩენა. უბრალოდ დრო მიაქვს ფორმაში ჩადგომას და სხვა რაღაცებს.
– წონაში დიდად არ გაქვთ მომატებული. სპეციალური კვების რეჟიმს იცავთ?
– არა, უბრალოდ უფრო ფრთხილად ვარ, ვცდილობ, წონაში ბევრი არ მოვიმატო. ახლა გაცილებით ნაკლები მაქვს მომატებული, ვიდრე პირველი ორსულობისას.
– ქმარი, შვილი, ორსულობა, ოჯახი, გადაღებები – ამ ყველაფერს მარტო უმკლავდებით?
– კი. წინა ორსულობაზე გაცილებით მეტად დატვირთული ვიყავი, სხვანაირი რეჟიმი გვქონდა. სახლში დამხმარე არ მყავს, მაგრამ ოდესღაც ალბათ მეყოლება, ამასაც ვერ მოვაბი თავი. მოკლედ, დიასახლისიც მე ვარ და ეს ხან როგორ გამომდის, ხანაც – როგორ. პასუხისმგებლობა მაქსიმალურად ჩემზეა გადმოსული.
– ქმრის წილი როგორია სოჯახო საქმეებში, ბავშვის მოვლაში?
– ლევანს რისი გაკეთებაც შეუძლია, ყველაფერში მეხმარება. ნენეს გაზრდაშიც მაქსიმალურადაა ჩართული, თუმცა არის რაღაცები, რისი გაკეთებაც მხოლოდ ქალებს შეუძლიათ. რაც უნდა იყოს, მაინც ცხრა თვე ჩვენ ვატარებთ ბავშვებს და კიდევ ათას სულელურ ფიქრს, რაც ამ ჰორმონების ცვლილებასთანაა დაკავშირებული.
– საბედნიეროდ, ზაფხულში ელოდებით ბავშვს, სერიალის სეზონიც დასრულებული იქნება და თავისუფლად შეძლებთ მის მოვლას.
– ალბათ ასე იქნება, რადგან აგვისტოში ვისვენებთ. ნენე რომ გავაჩინე, მეათე დღეს მომიწია გადაღებაზე გასვლა. საკეისროს შემდეგ ეს რთული იყო.
ეკა ლემონჯავა, ჟურნალი “სარკე”

