თავისუფალი თეატრის დამაარსებელი და გრიბოედოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი პასუხობს ყველა იმ საკითხს, რომელიც თეატრებთან დაკავშირებით დღეს ყველაზე აქტუალურია.
ავთანდილ ვარსიმაშვილი:
– ვპასუხობ მათ, ვინც კითხულობს, სად აფინანსებს სახელმწიფო თეატრებსო, ბატონებო, თეატრებს სახელმწიფო სხვადასხვა ფორმით აფინანსებს ყველა ევროპულ ქვეყანაში. ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში და პოლონეთში თეატრი კულტურის პრიორიტეტთა ნუსხაში პირველ ადგილზეა, “კომედი ფრანსეზის” და ავინიონის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები ინიშნებიან არა კულტურის მინისტრის, არამედ უშუალოდ საფრანგეთის პრეზიდენტის ბრძანებით.
გერმანიაში და პოლონეთში მარტო თეატრებს კი არა, პროფესიონალურ თეატრალურ ჟურნალ გაზეთებსაც სახელმწიფო გამოსცემს.
თეატრები ფინანსდებიან სახელმწიფოს მიერ ალბანეთიდან დაწყებული ყაზახეთით დამთავრებული ყველა პოსტსოციალისტურ ქვეყანაში.
ხშირად მუსირებს აზრი, რომ აშშ-ში სახელმწიფო არ აფინანსებს თეატრებს, განვმარტავ: ბროდვეის მუსიკალურ თეატრებს მართლაც არ აფინანსებენ, რადგან ისინი არც საჭიროებენ დაფინანსებას, მაგრამ “მეტროპოლიტენ ოპერას” ტიპის კლასიკურ საოპერო და საბალეტო თეატრებს აფინანსებენ.
ცნობისათვის, კენედი ცენტრს პირდაპირ აშშ-ს კონგრესი აფინანსებს. ხოლო მრავალ ათას დრამატულ თეატრს რეიგანის რეფორმის შემდეგ აფინანსებენ ქალაქის მერიები და 5.000-მდე სპეციალურად შექმნილი კულტურისა და განათლების ფონდები, უნივერსიტეტები და უმსხვილესი კორპორაციები.
ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში ეროვნული ლატარეით ივსება კულტურის ფონდი, ესტონეთში კი კაზინოებიდან, ალკოჰოლისა და სიგარეტის გაყიდვისაგან შემოსული მთელი თანხა ავსებს კულტურის ფონდს, რომელიც კულტურის სამინისტროს ბიუჯეტის პარალელურად დამატებით აფინანსებს თეატრებს.
ზემოთ ჩამოთვლილ ბევრ ქვეყანაში კერძო თეატრებიც ისევე ფინანსდებიან სახელმწიფოსაგან, როგორც სახელმწიფო თეატრები, ზოგჯერ უფრო მეტადაც. როდესაც ჩვენ ორ თეატრალურ ფესტივალს ვუთვლით იმ კაპიკებს, რომლებსაც ისინი იღებენ, უნდა გვახსოვდეს, რომ თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანას სულ ცოტა ხუთი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი აქვს მრავალმილიონიანი ბიუჯეტებით.
ახლა კი ის ქვეყნები, სადაც თეატრი არც ფინანსდება და არც აქვთ დრამატული თეატრი. ასეთი ქვეყნებია: ჩრდილოეთ კორეა, ავღანეთი, აგრეთვე ჩამორჩენილი აფრიკული და ზოგიერთი მდიდარი არაბული ქვეყნები. მინდა კითხვა დავსვა, რომელ ქვეყანას გვინდა ვგავდეთ?