16 წლის გოგონა ჟურნალ “სარკეს” თავის დარდს უზიარებს:
– ძალიან პატარა ვიყავი, დედა რომ უცხოეთში წავიდა. მამასთან გაყრილი არ იყო, მაგრამ სერიოზული უთანხმოება ჰქონდათ. მისი საზღვარგარეთ წასვლა მამაჩემისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა და სახლიდან წავიდა.
მე და ჩემი უფროსი ძმა ბებოსთან დავრჩით. პატარა ვიყავი, მაგრამ ახლაც კარგად მახსოვს, როგორ ვტიროდი, დედა როგორ მენატრებოდა. სულ ვეხვეწებოდი, ჩამოდი და არც კანფეტებს მოგთხოვ, არც არაფერს-მეთქი. მერე კი ბებო საერთოდ აღარ მალაპარაკებდა, ჩემს შვილს ატირებ, ნერვებს უშლიო.
ასე გამზარდა ბებომ დედის ნატვრაში. იქიდან არაფერს მაკლებდა, ყოველთვის ყველაფერი მქონდა, მაგრამ იმ ყველაფერს მერჩივნა, დედა მყოლოდა გვერდით.
უცხოეთში ყველაფერი კარგად აიწყო, საბუთები ისე მოაწესრიგა, რომ ჩემი ძმის წაყვანა მოახერხა. თავიდან შემპირდა, შენც წაგიყვანო, მაგრამ ახლა ამას არც ახსენებს. ბებიას ეუბნება, რატომ წუწუნებ, შვილი ხომ დაგიტოვე, ყურადღებას არ მოგაკლებსო.
გავიგე, რომ მაშინ ჩემი წაყვანის საშუალებაც ჰქონდა, მაგრამ ასე არ მოიქცა. ბებიასთან იმიტომ დამტოვა, რომ მისთვის მიმეხედა. ამით ვალდებულებებისგან თავი დაიხსნა, რადგან დედისერთაა და ეტყოდნენ, დედა უპატრონოდ მიატოვაო. ჯობდა, ჩემთვის ყველაფერი აეხსნა, მაგრამ ასე არ მოიქცა, მატყუებდა, რომ ჩემი წაყვანა არ შეეძლო. ჩემი ძმა ყოველთვის მეტად უყვარდა. უცხოეთიდან მისთვის ნაირ-ნაირ საჩუქრებს აგზავნიდა, ჩემთვის კი იმის ნახევარსაც არ ყიდულობდა.
ბევრ რამეზე მწყდება გული და ამას პირდაპირ ვეუბნები. ის კი იქიდან მპასუხობს, რომ უმადური ვარ. ვერ გავაგებინე, რომ ჩემთვის მთავარი ნივთები და საჭმელი კი არ იყო, არამედ დედის სიყვარული.
ბებიაჩემიც გაეგოისტებულია. რამე რომ არ მოეწონება ან გამიბრაზდება, მაშინვე დედაჩემს ან ჩემს ძმას ურეკავს, მერე კი იქიდან ისინი მე მლანძღავენ.
რაღაცებში ალბათ მეც ვარ დამნაშავე, მაგრამ რა ვქნა, დედას ვერ ვპატიობ, რომ ჩემი ძმა აირჩია და უცხოეთში ის წაიყვანა, თითქოს მისი სითბო მე არ მჭირდებოდა. ახლა ვარ ისეთი, როგორიც ვარ და არც შეცვლას ვაპირებ.
ჟურნალი “სარკე”