ეკა ხერხეულიძე: „ორმა ბიჭმა ტანსაცმელშემოხეული, ფეხსაცმელდაკარგული ხელში ამიყვანეს და სად მიგიყვანოთო“

ეკა ხერხეულიძე: „ორმა ბიჭმა ტანსაცმელშემოხეული, ფეხსაცმელდაკარგული ხელში ამიყვანეს და სად მიგიყვანოთო“პოლიტიკოსი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი მონაწილე ეკა ხერხეულიზე სოციალურ ქსელში 1989 წელს იხსენებს.

– 9 აპრილამდე იყო ეროვნული დამოურჩილებლობის მასშტაბური კამპანია. გვევალებოდა საკავშირო  დაქვემდებარების დაწესებულებებში გაფიცვის მნიშვნელობაზე აგიტაცია.

სხვაგან რომ არ მეძებნა ასეთი ობიექტი მე ირაკლი ბათიაშვილი და ირაკლი წერეთელი მეგაფონით მივადექით მამაჩემს სამსახურში.

ეს ის დროა საბჭოეთი რომ მძვინვარებს და ეროვნული მოძრაობის პერსპექტივაზე მოქმედ ჩინოვნიკებს ეღიმებათ, მათ შორის, მამაჩემსაც. შესაბამისად, სახლში მუდმივად ომი გვქონდა .ის მიმტკიცებდა ჩემი იდეის უტოპიურობას, მე ვარწმუნებდი კომუნისტების გარდაუვალ დამარცხებაში.

მოკლედ, მივედით. ფეხები კი მიკანკალებდა, მაგრამ გავბედე. თანამშრომლების სახე ახლაც მახსოვს, ზუსტად იცოდნენ რაც მელოდა. მძღოლი (შამო) ეძახის-შოთაევიჩ, ავთანდილოვნაა მოსული.  მეგაფონით წერეთელი მოუწოდებდა ხალხს, რომ უარი ეთქვათ საბჭოთა კავშირისთვის პროდუქციის შექმნაზე.

მამაჩემი მეკითხება-ესენი ვინ არიან? ვპასუხობ -ეროვნული მოძრაობის ლიდერები. ვაი,  თქენს პატრონსო დაიყვირა და მერე აღარ მახსოვს. მაგრად შემრცხვა. სანაპიროზე მაშინ მგონი ერთადერთი კაფე იყო “მაიკო” , იქ დავსხედით და შერცხვენილი ხმამაღლა ვტიროდი.

ცოტა ხანში დაიწყო შიმშილობა, რა სკოლა, რის სკოლა, მთელი საქართველო ანთებული იყო ერთი იდეით. ცხაია, სახლში უმალავდნენ, რომ ვშიმშილობდი. მაინც გაიგო. მიკროფონში აცხადებენ: ეკა ხერხეულიძეს მამა ელოდება მხატვრის სახლთან. იქ მისასვლელ დერეფანს სანამ გავივლიდი, ერთი სიცოცხლე დავამთავრე. დგას განრისხებული სახით და მეკითხება – აქ რას აკეთებო? ვშიმშილობ-თქო. სრული სერიოზულობით მითხრა – რატომ მჭრი თავს, სახლში მაცივარი სავსე გაქვს და ვინმემ რომ დაგინახოს რას იფიქრებსო.

მაინც არ გავყევი. დარბევის ღამეს რაგბისტების ღვაწლი ყველას გემახსოვრებათ. განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდნენ ბავშვების მიმართ და სახლებში არიგებდნენ დარბეულ ხალხს. გამთენიისას ჩემი რიგიც დადგა. ორმა ბიჭმა ტანსამელშემოხეული, ფეხსაცმელდაკარგული ხელში ამიყვანეს და სად მიგიყვანოთო.  თუ რამე აზრი მომეკითხებოდა იმ წუთებში, ის იყო, რომ სახლში მისვლის კიდევ უფრო მეშინოდა, მაგრამ რას ვიზამდი. (სხვათა შორის, ამ არაჩვეულებრივი ბიჭების შესახებ მას მერე არაფერი ვიცოდი და რამდენიმე წლის წინ რადიო „იმედის“ პირდაპირ ეთერში დამიკავშირდნენ და სიხარულით ცას ვეწიე.გადაცემა მიყავდა მიშა ფეიქრიშვილს) დავრეკე ზარი. კარი მამაჩემმა გააღო და ნაცვლად იმისა, რომ ამ ბიჭებისთვის მადლობა გადაეხადა, დაფლეთილი ტანსაცმლით რომ დამინახა – შენი ჟანა დარკი დედაცო დამიყვირა, სამივეს გვაგინა და კარი მოგვიხურა…

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი არასდროს არ ესმოდა,სამსახური ჩემ გამო დაკარგა, არასდროს დაუყვედრებია, თუმცა ეს უფრო ჩემდამი ბრმა სიყვარულის ბრალი იყო, ვიდრე ჩემდამი თანაგრძნობის, – წერს ეკა ხერხეულიძე.