პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში დედაქალაქის მერობის შესაძლო კანდიდატებსა და მათ შანსებზე საუბრობს.
– უკვე სახელდება გარკვეული გვარები, კანდიდატები. ამით ხდება, ერთი მხრივ, წინასწარი მოსინჯვა, მოთელვა, საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება ამა თუ იმ კანდიდატის მიმართ და მეორე მხრივ, ვიღაცებს მართლაც აქვთ გადაწყვეტილი, რომ კენჭი იყარონ.
შანსები ბევრ რამეზე არის ხოლმე დამოკიდებული. ჩამოთვლილი ადამიანები უცხო არ არის ამომრჩევლისთვის. მეტიც, ისინი უკვე იყვნენ კანდიდატები, მაგალითად, ელენე ხოშტარია საპარლამენტო არჩევნებში ვაკის მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა კენჭს, მაგრამ თავისავე უბანში წააგო. მიუხედავად იმისა, რომ ელენე ხოშტარია არის ახალგაზრდა, ჭკვიანი ქალი, როგორც ქართველები იტყვიან და ბევრს მოსწონდა კიდეც, მიუხედავად ამისა, წააგო, ამის მიზეზი იყო არა იმდენად მასში, არამედ მის პარტიაში, რომლის სახელითაც ის გამოდიოდა.
ამომრჩეველმა ხმა არ მისცა არა ელენე ხოშტარიას, არამედ ნაციონალურ მოძრაობას, – აცხადებს საყვარელიძე.
მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ დავით უსუფაშვილი იყო პარლამენტის თავმჯდომარე, ის ბევრს მოსწონდა, როგორც პოლიტიკოსი, მაგრამ მას ბევრმა ხმა არ მისცა, როგორც რესპუბლიკელს.
– უსუფაშვილს უფრო მეტი შანსი აქვს დღეს ამ მიმართულებით, თუმცა ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული მის შემდგომ პოლიტიკურ ნაბიჯებზე, რას იზამს, ვინ იქნება მის პოლიტიკურ გუნდში, ვისთან ექნება პოლიტიკური ახლობლობა და ა.შ.
ელენე ხოშტარიას შანსები კვლავ ნაკლებია, რადგან ნაციონალური მოძრაობის განაყოფის მიმართ ხალხის დამოკიდებულება დიდად არ არის შეცვლილი. თუ დისტანცირებას შეძლებენ ისინი და მოახერხებენ ამ ბარიერის დაძლევას, შანსი უფრო მეტი ექნებათ, – აცხადებს ექსპერტი.
რაც შეეხება ელისაშვილს, მისი აზრით, მას კალაძესთან ორთაბრძოლა გაუჭირდება.
– ელისაშვილმა შემთხვევით არ თქვა, რომ კვლავ დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება. მან იცის, რომ საზოგადოებაში პარტიების მიმართ ძალიან მაღალია კრიტიკული დამოკიდებულება. თუმცა, რამდენად დაძლევს სახელისუფლო კანდიდატთან ორთაბრძოლას, მით უფრო, თუ ეს კანდიდატი კალაძე იქნა, ეს დღეს რთული სათქმელია. ალბათ ძალიან გაუჭირდება, რადგან სახელისუფლო კანდიდატთან ორთაბრძოლა მარტივი არ არის. სახელისუფლო კანდიდატს მხარს ყოველთვის მმართველი პარტია უჭერს, რაც ორგანიზაციული თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია.
კალაძე ხელისუფლებისთვის ყველაზე მომგებიანი კანდიდატი იქნება, რადგან ის არ აღიქმება, როგორც პასიური, კაბინეტის პოლიტიკოსი. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ სახელისუფლო პარტიამ სხვა კანდიდატებზეც იფიქროს, – განუცხადა „ახალ თაობას“ რამაზ საყვარელიძემ.

