გამოკითხულთა 73% რუსეთს პოლიტიკურ საფრთხედ აღიქვამს

გამოკითხულთა 73% რუსეთს პოლიტიკურ საფრთხედ აღიქვამსსაერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის ოფიციალურ შედეგების თანახმად, 73% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის პოლიტიკური საფრთხეა, 57% კი თვლის, რომ რუსეთი ქვეყნისთვის ეკონომიკურ საფრთხეს წარმოადგენს.
რესპონდენტთა 60% მიიჩნევს, რომ საქართველოს მიმართ რუსული აგრესია კვლავ გრძელდება.

ასეთია IRI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგი.
გამოკითხულთა 23% ფიქრობს, რომ რუსული აგრესია დასრულებულია, თუმცა მოსალოდნელია, რომ ეს აგრესია კვლავ განახლდეს. 10% საქართველოს მიმართ რუსული აგრესია დასრულდა და მის განახლებას არ ელის.
კითხვაზე: ”რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე, რამდენად უსაფრთხოდ გრძნობთ თავს საქართველოში ყოფნით?” გამოკითხულთა 47% პასუხობს, რომ უფრო დაცულად გრძნობს თავს, ვიდრე დაუცველად, გამოკითხულთა 11% მიიჩნევს, რომ ის დაცულია, 28%-ის აზრით უფრო დაუცველია, ვიდრე დაცული, 9% კი ფიქრობს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე ის საქართველოში ყოფნით დაუცველია.
სტრატეგიულ პარტნიორობას რაც შეეხება, შედეგები ასეთია: საქართველოს სტრატეგიულ და მნიშვნელოვან პარტნიორად გამოკითხულთა 42% ევროკავშირს, 33% აშშ-ს, 29%აზერბაიჯანს, 28% კი უკრაინას ასახელებს.
გამოკითხულთა 53% ფიქრობს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა, ამასთან, ქვეყანამ რუსეთთან ურთიერთობებიც უნდა შეინარჩუნოს.
რესპონდენტთა 23% მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი მხოლოდ პროევროპული უნდა იყოს. გამოკითხულთა 12%-ის აზრით, საქართველოს პრორუსული კურსი უნდა ჰქონდეს, თუმცა, ამასთან, ევროკავშირისა და დასავლეთის მოკავშირედაც უნდა დარჩეს. მხოლოდ პრორუსულ კურსს კი გამოკითხულთა 3% ემხრობა.

ნიუპოსტი