ექსპერტი გია ხუხაშვილი არ უარყოფს ინფორმაციას, რომ პრეზიდენტთან კონსულტაციები აქვს და მიაჩნია, რომ ეს ჩვეულებრივი პროცესია და არანაირი კავშირი არ აქვს შეთქმულების თეორიასთან.
გია ხუხაშვილი:
– მე ხომ მაგ უბედურებაში ვარ ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული, მაშინაც ლამის ქვეყანას მე ვმართავდი თურმე და ახლა პრეზიდენტთან გადმოვბარგდი და აქ ვმართავ ყველაფერს. ეს არის ჩვეულებრივი პარანოია და ამ მხრივ არაფერი იცვლება ამ ქვეყანაში.
სხვათა შორის, ამ მიზეზით მე კომუნიკაცია მაქვს შეწყვეტილი ძალიან ბევრ ადამიანთან. იმიტომ, რომ თუ ვინმეს ხელი ჩამოვართვი, მაშინვე იწყება ლაპარაკი, რომ ან რამის წილში ვარ და ან რამეს ვმართავ.
პრეზიდენტთან, რა თქმა უნდა, მაქვს კონსულტაციები. მე ამას არ ვმალავ. ჩემი ადამიანური ურთიერთობებიდან გამომდინარე ჩემს აზრს ვეუბნები, ის თავის აზრს მეუბნება.
მე არ გამოვრიცხავ, რომ მან რაღაცა ჩემი ნათქვამი გაიზიაროს, მაგრამ უფრო ხშირად ნაკლებად იზიარებს. ან პირიქით, მე გავიზიარო მისი აზრი. ეს არის ჩვეულებრივი ჯანსაღი ადამიანური ურთიერთობები და არანაირი კავშირი ამას ამ შეთქმულების თეორიასთან არ აქვს. თუმცა, გარდა იმისა, რომ ხელისუფლება ამ სპეცინფორმაციით სარგებლობს, წაკითხვაც ვერ ისწავლა ამ სპეცინფორმაციის.
სანდო წყაროზე დაყრდნობით რომ ლაპარაკობს პარლამენტის თავმჯდომარე, ეს სრულიად არასერიოზულია. გაგებაც ვერ ისწავლეს იმის, ამ სანდო წყაროს ინფორმაცია რომ მოაქვს, ეს გააანალიზონ და სწორი დასკვნები გააკეთონ. ეს არის პოლიტიკური პარანოია, მეტი არაფერი!
ირაკლი კობახიძე სასათბურე პირობებში, ინკუბატორში გამოყვანილი პოლიტიკოსია და რა არის აქ გასაკვირი?! ის ფაქტობრივად გამზადებულზე აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, რასაც ჰქვია მისი პარლამენტის თავმჯდომარეობა და დღესაც ამ გაუგებრობაშია და იქნება კიდევ რაღაც პერიოდი!

