პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს მიაჩნია, რომ ხელისუფლებაში საერთოდ არ ჩანან ლიდერები და მათ დამოუკიდებლად მოქმედება არ შეუძლიათ. მათ ფონზე პრეზიდენტს რეიტინგის მხრივ საგრძნობი უპირატესობა აქვს. ის დამოუკიდებელია, არავის ჩრდილში არ არის და ასეთ თვისებებს საქართველოში პატივს სცემენ.
– მარგველაშვილი დანარჩენი პოლიტიკური ელიტისგან ის იმითაც განსხვავდება, რომ ძალაუფლებას არ ეპოტინება. ის არ მიიჩნევს, რომ ძალაუფლებაში რაიმე სიკეთეა.
აქედან გამომდინარე, მას პოლიტიკიდან გასვლის კომფორტი თუ ექნება, მარგველაშვილი ამას აუცილებლად გააკეთებს. მოვლენების განვითარების ლოგიკა სხვა სურათს ხატავს. აშკარაა, რომ საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტის ნაწილი მასზე იღებს ორიენტაციას. ამის გამო ის, შეიძლება, იძულებული გახდეს, თამაშში დარჩეს. დიდია იმის ალბათობა, რომ თავად პოლიტიკური პროცესი არ დაუტოვებს მას სხვა არჩევანს, – აცხადებს პოლიტოლოგი.
კითხვაზე – პოლიტიკაში დარჩენილი მარგველაშვილი შეძლებს ძლიერი გუნდის შექმნას? – ხუხაშვილი „ახალ თაობას“ პასუხობს:
– დღევანდელი პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია. გამომდინარე აქედან, მარგველაშვილისთვის პოლიტიკური პარტნიორების პოვნა ძალიან ძნელი იქნება. ფაქტობრივად, არავის აქვს ისეთი პოზიტივი, რომ მას რაიმე შესძინოს დამატებით.
ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მის გარშემო მესამე პოლიტიკური ცენტრი არ შეიქმნება. ისტორიას აქვს თავისი კანონზომიერებანი და ბევრი რამე ხდება ჩვენი სურვილების მიღმა.
„ქართულმა ოცნებამ“ თუ მასზე ასე გააგრძელა მუშაობა, ის, შეიძლება, მართლაც გახდეს მესამე ძალის ლიდერი. დღეს ხელისუფლება მთელი თავისი ისტერიკით, ფეხების ბაკუნითა და არაადეკვატური შეტევებით მთლიანად მასზე მუშაობს. იმ დღეს ვიხუმრე და ახლაც გავიმეორებ, რომ ირაკლი კობახიძე მთლიანად მუშაობს გიორგი მარგველაშვილის პიარზე და რეიტინგზე. პარლამენტის თავმჯდომარის უცნაური განცხადებების შემდეგ პრეზიდენტი განსაკუთრებულად გაძლიერდა.
ამ მხრივ არც „ოცნების“ სხვა ლიდერები მოიკოჭლებენ და საზოგადოებასთან ურთიერთობის ბლოკს მთლიანად უვსებენ მარგველაშვილს. ასე თუ გაგრძელდება, მას და მის გარშემო შეკრებილ კონფიგურაციას აქვს მესამე ძალად ქცევის შანსი.
ჩვენთან პოლიტიკური ალტერნატივა საკმაოდ მწირია, პრეზიდენტი ამ მხრივ ძალიან სერიოზულად და პერსპექტიულად გამოიყურება.

