პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, ქვეყნის პირველი პირის სიტყვა კომპაქტური და ამავდროულად პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული იყო.
ექსპერტი პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს, რომლითაც ქვეყნის პირველი პირი საკანონმდებლო ორგანოში დღეს წარსდგა, დადებითად აფასებს. პოლიტოლოგის შეფასებით, პრეზიდენტი თავის გამოსვლაში კომპაქტური და თანამშრომლობისთვის მზად იყო.
ხუხაშვილი დადებითად აფასებს იმ ფაქტსაც, რომ მარგველაშვილმა თავის სიტყვაში ისეთ ობიექტურ რეალობას შეეხო, როგორიც უმუშევრობა და მძიმე სოციალური ფონია.
ექსპერტი მონოპოლიის კუთხით გაკეთებულ აქცენტებსაც მიესალმება.
– პრეზიდენტი იყო კომპაქტური, მან ბევრი არ ისაუბრა. ეს სხვათა შორის სასიამოვნოა, ჩვენი პოლიტიკოსების გამოსვლების გათვალისწინებით. გიორგი მარგველაშვილი თავის სიტყვაში შეეხო ყველა მიმართულებას, რაც ქვეყნისთვის პრობლემატურია. პრეზიდენტის გამოსვლაში საკმარისად იყო პოზიტივიც, თანამშრომლობის სურვილიც ჩანდა. პრიორიტეტები სწორად იყო დალაგებული და ტრიბუნიდან ნეგატივიც გაჟღერდა. მთავარი გამოწვევა დღეს გახლავთ საკმაოდ რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ამ მიმართულებით ძალიან საინტერესო იყო პრეზიდენტის წინადადება, კერძო არბიტრაჟების აქტუალიზაციასთან დაკავშირებით, რაც ინვესტორების მოზიდვის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი შეიძლება გახდეს. პრეზიდენტი შეეხო იმასაც რომ ანტიმონოპოლური სისტემები ჩვენთან სუსტად არის განვითარებული, რაც ხელს უშლის წვრილი და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ეს ობიექტური რეალობაა, ვაკვირდებით, როგორ მსხვილდებიან სისტემები და ფაქტობრივად ბაზარს კეტავენ. ასეთი დიდი სისტემების ამარად დარჩენილი ქვეყანა, ეკონომიკას ვერ განავითარებს და ვერც სამუშაო ადგილები შეიქმნება – განაცხადა ,,ნიუპოსტთან” ექსპერტმა გია ხუხაშვილმა.
პოლიტოლოგმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო პროცესებთან და ე.წ მოსმენებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ,,მოქილიკე უმრავლესობას ცივი წყალი გადაასხა”.
– საინტერესო იყო მისი მოსაზრებები საკონსტიტუციო პროცესებთან დაკავშირებით. პრეზიდენტი შეეცადა კომფრონტაციაში კი არ შესულიყო, პირიქით, ხიდი გაედო საზოგადოებასა და საკონსტიტუციო კომისიას შორის. მარგველაშვილმა კომისიის წევრებს მოუწოდა, დახურულ კარებს მიღმა კი არ იმუშაონ, არამედ დამკვეთისგან, ანუ ხალხისგან მოისმინონ, როგორ ქვეყანაში სურთ ცხოვრება.
ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით ამ გამოსვლაში გიორგი მარგველაშვილის ბოლო ფრაზა იყო, რითაც მან თავისი თანმიმდევრული მიდგომა დააფიქსირა იგივე მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით.
რითაც ის ქირქილი, ქილიკი, რომელიც უმრავლესობაში იყო, რომ პრეზიდენტის ყველა ვეტოს უპრობლემოდ გადალახავდა, ცივი წყალი გადაასხა. ის ფაქტობრივად შეუერთდა იმ სარჩელს, რომელიც საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

