საქართველოს პრეზიდენტმა სამცხე-ჯავახეთში სტუდენტებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გააკრიტიკა მმართველი პარტიის მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებები.ქვეყნის პირველმა პირმა თქვა, რომ “დოკუმენტი კონსენსუსის გარეშე არის ხელმოწერილი”.
– სამწუხაროდ ეს დოკუმენტი შექმნილია, ხელმოწერილია კონსენსუსის გარეშე. ალბათ იცით, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ რომელიც შედიოდა კომისიაში დატოვა კომისიის შემადგენლობა და მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მიერ არის ხელმოწერილი ეს დოკუმენტი. წესი რომლის მიმართაც პოლიტიკურმა ძალებმა ძალიან სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს, წესი რომელიც სამწუხაროდ შინაარსობრივად აცდენილია სამართლიანი არჩევნების ფუნდამენტურ პრინციპებს, – განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა და პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის შემოღება კიდე ერთხელ გააკრიტიკა.
– გაუგებარი მიზეზით ერთმევა პრეზიდენტის არჩევის უფლება ამომრჩეველს და მომავალი ვერსიით პრეზიდენტს აირჩევენ გარკვეული ხმოსნები. ძალიან ნათლად მინდა გითხრათ, არასდროს კონკრეტულად მე არც არავის არ შევეკვრები და არაფრის დიდებით არ ვივაჭრებ კონსტიტუციით. არ ვივაჭრებ იმ ძირითადი დოკუმენტით, რომელიც მიმაჩნია, რომ უნდა იყოს ყველას გამაერთიანებელი და არა ცალკეული პოლიტიკოსების ამბიციების შემკრები, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

