ბიძინა ივანიშვილის მიერ ნატანებელი პედაგოგისგან 15 ათას ლარად შეძენილი 250 წლის წიფელი ტრანსპორტირების დროს შუაზე გადატყდა. შემთხვევა ნატანებში მოხდა.
ამ წუთებამდე ადგილზე მუშაობენ კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ხის ტრანსპორტირებას ახორციელებდნენ.
სამუშაოებში ჩართულები არიან ადგილობრივებიც.
წიფელი შუაზე გადატყდა და როგორც ადგილობრივები ”გურიის მოამბესთან” საუბრობენ, მას დენდროლოგიურ პარკში აღარ გადაიტანენ.
_ ხე შუაზე გადატყდა, ტოტებიც დატყდა, ალბათ აღარ წაიღებენ პარკში. მძიმე ტექნიკამ დიდი ხანი იწვალა გზაზე გამოსვლამდე, მაგრამ ხე გადმოვარდა, ტოტები დატყდა და ერთ-ერთი ადგილობრივის ეზოში გადავარდა. ამ ოჯახის ყანაში გაიყვანეს ეს დროებითი გზა, ამაში ცალკე 5 ათასი ლარი გადაიხადა. ხე 5 ათასად იყიდა და დარჩა ახლა საშეშე მასალად პატრონს. თუ დაუბრუნებს, იმ შემთხვევაში, _ გვიყვება ქალი, რომელმაც ადგილზე გადაღებული ფოტოც მოგვაწოდა.
ექსპრემიერმა აღნიშნული ორსაუკუნოვანი ხე სურმავასგან შეიძინა. მის სანახავად ბიძინა ივანიშვილი ადგილზე პირადად იმყოფებოდა.
ამას თვითმხილველებიც ჰყავს, რომლებიც მაშინ ჩვენთან ყვებოდნენ, რომ ხე ივანიშვილს ძალიან მოეწონა და მიუხედავად ექსპერტის რჩევისა, რომ ის ვერც ტრანსპორტირებას გაუძლებდა და მისი გახარების შანსიც არ არსებობდა, სურმავებისგან ხე მაინც იყიდა.
_ დაინახა ეს ხე და კოცნა და კოცნა. ექსპერტმა, ვინც ახლდა, უთხრა, რომ 250 წლის ხე გადარგვას ვერ გაუძლებდა. მერე რა, არა უშავს, იყოს მაინცო. გადაიხადა ფული და იყიდა, _ განუცხადეს სურმავას მეზობლებმა მაშინ ,,გურიის მოამბეს“.
ნიუპოსტი

