„ქართული ოცნება“ სამთავრობო ცვლილებების მოლოდინშია. „ქართულ ოცნებაში“ უკვე ღიად საუბრობენ, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში სერიოზული ცვლილებები მოხდება. მათი ნაწილი ცვლილებებს უკვე მომავალ კვირაში ელოდება. საუბრობენ იმაზე, რომ 27 აპრილს პრემიერი რამდენიმე მინისტრს გადააადგილებს.
„ოცნებაში“ არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ მინისტრებთან ერთად პრემიერიც შეიცვლება. მათი მტკიცებითვე, ცვლილებები მხოლოდ ვახტანგ გომელაურს და მთავარ პროკურორს არ შეეხებათ.
პრემიერის სავარაუდო შემცვლელად უკვე რამდენიმე კანდიდატურა დასახელდა. ყველაზე აქტიურად ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას და ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის გაპრემიერებაზე საუბრობენ.
სახელისუფლებო კულუარებში საუბრობენ, რომ თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაინაცვლებს. სამხედრო უწყებას კი დეპუტატი კობა კობალაძე ჩაიბარებს.
აღსანიშნავია, რომ კობალაძის კანდიდატურა ამ პოსტზე გასულ წელსაც განიხილებოდა, მაგრამ მაშინ იზორიას სასარგებლოდ იქნა გადაწყვეტილება მიღებული. კობალაძეს კი გლდანის მაჟორიტარობა აკმარეს.
ბოლო პერიოდში ის პარლამენტში აღარ აქტიურობს. მის სიჩუმეს საკადრო ცვლილებას უკავშირებენ.
სხვების მსგავსად, სამთავრობო ცვლილებებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილიც ელოდება.
დეპუტატი ვარაუდობს, რომ გვიან გაზაფხულზე, ან ზაფხულში მთავრობაში რიგი ცვლილებები განხორციელდება.
_ ამას არ გამოვრიცხავ, რადგან პრემიერ-მინისტრი თავის კაბინეტს პერიოდულად უნდა აახლებდეს და ადამიანებს ადგილს უნდა უცვლიდეს, რათა სუსტი ადგილები გამოსწორდეს, ხოლო ძლიერი პოზიციები კიდევ უფრო გამყარდეს. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ პრემიერ-მინისტრს ასეთი განზრახვა ჰქონდეს. მათ შორის არა მხოლოდ გუბერნატორების, არამედ მთავრობის ზოგიერთი წევრის მიმართაც. ამაში ლოგიკას და სისწორეს ვხედავ. მთავრობას, ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლებს და მრჩევლებს განახლება გარკვეული პერიოდულობით სჭირდებათ, _ აცხადებს ჟურნალისტებთან საუბარში ქუცნაშვილი.
ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ ჩქარობს პრემიერი სუსტი რგოლების გაძლიერებას, ქუცნაშვილი პასუხობს, რომ ცვლილებებს გვიან გაზაფხულზე უნდა ველოდოთ.
_ ეს უკვე პრემიერის შესაფასებელია. ფაქტია, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ რამდენიმე მინისტრის პორტფელი განახლდა. არჩევნების დამთავრებიდან გასულია სულ რამდენიმე თვე. ვფიქრობ, რომ გვიან გაზაფხულზე ან ზაფხულში მოსალოდნელია მთელი რიგი ცვლილებები. პრემიერ-მინისტრს უფლება უნდა ჰქონდეს, რომ წელიწადში, სულ მცირე, ერთხელ სამთავრობო შემადგენლობა ნაწილობრივ მაინც განაახლოს იმისათვის, რომ სუსტი ნაწილები გაძლიერდეს, _ ამბობს დეპუტატი.

