კახა ოქრიაშვილი: “შევეცდები, “ქართული ოცნება” ჩემს აზრზე გადმოვიყვანო”

კახა ოქრიაშვილი: "შევეცდები, "ქართული ოცნება" ჩემს აზრზე გადმოვიყვანო" საპარლამენტო უმრავლესობაში უკვე დაიწყო კონსულტაციები, კონსულტაციებს დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი მართავს.

რით სჯობია მაჟორიტარული სისტემა პროპორციულს, რას ითხოვენ ამერიკელებისგან ქართველი მაჟორიტარები და ვისთან აწარმოებენ ისინი მოლაპარაკებებს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” კახა ოქრიაშვილი ესაუბრება.

– გუნდში ზოგი უჭერს მხარს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, ზოგი – არა. ეს ჩვეულებრივი ამბავია.

ამ საკითხზე მე მქონდა გამოსვლა. ვცდილობ, დავარწმუნო მმართველი გუნდი, რომ მაჟორიტარებს არ შევეხოთ და დავტოვოთ შერეული სისტემა, თუმცა არსებობენ ჯგუფები, რომლებსაც თავიანთი არგუმენტაცია აქვთ, რომ უნდა იყოს პროპორციული სისტემა ბონუსით.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ჩვენს აზრზე გადმოვიყვანთ მთელ გუნდს და შევინარჩუნებთ მაჟორიტარულ სისტემას, – აცხადებს ოქრიაშვილი.

მისი აზრით, მაჟორიტარული სისტემა ცუდი რომ ყოფილიყო, მას ამერიკაში გააუქმებდნენო.

– თუ არ ვარგა ეს სისტემა, გააუქმონ ამერიკაში და გავაუქმებთ ჩვენც. თუმცა ეს არგუმენტი, ბუნებრივია, არ არის. არგუმენტად მოვიყვან იმას, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა მსოფლიოს 90 ქვეყანაშია, მათ შორის, აშშ-ში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში, – ასეთია დეპუტატის აზრი.

სამივე ქვეყანა განვითარებულია და სამივე მათგანი დემოკრატიის ფლაგმანად ითვლება. ეს სისტემა ცუდი რომ ყოფილიყო, ისინი ამ სისტემას გააუქმებდნენ.

მაჟორიტარული სისტემა ნაწილობრივ შენარჩუნებულია ისეთ წარმატებულ ქვეყნებში, როგორებიცაა იაპონია და გერმანია. გამოდის, რომ მაჟორიტარული სისტემა საჭიროა, – განუცხადა „ახალ თაობას“ კახა ოქრიაშვილმა.

როგორც მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, ეს სისტემა განსაკუთრებით ჩვენისთანა ქვეყანას სჭირდება. მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ძალიან სახიფათო იქნება საქართველოსთვის.

– წარმოიდგინეთ, რომ 2020 წელს არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდა და პარლამენტი იმ პარტიებით დაკომპლექტდა, რომლებმაც არჩევნებზე 25, 23 და 20 პროცენტი მიიღეს. ეს ქვეყანაში კრიზისს გამოიწვევს. გაჭირდება კონსენსუსის მიღწევა და მაშინვე დაიწყება კრიზისი, რაც საქართველოსთვის კარგი არ იქნება. საქმე, შესაძლოა, სამოქალაქო ომამდეც კი მივიდეს, – განაცხადა დეპუტატმა.