„კალაძე ივანიშვილისთვის სახიფათოა“

„კალაძე ივანიშვილისთვის სახიფათოა“მისცემენ თუ არა მერობის მეორე შანსს ნარმანიას, რა კრიტერიუმებით არჩევს კანდიდატებს ივანიშვილი, რა დავალება მიიღო სუს-მა, რატომ დადიან კუნთმაგარი ტიპები საკრებულოში? _ ამ თემებზე „ახალ თაობას“ „ახალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ესაუბრება.

_ დავით ნარმანია დიდი იმედი აქვს, რომ თბილისის მერობის კანდიდატი ისევ ის იქნება. როგორც თავად ამბობს, ეს საკითხი სადღაც 20 მაისისთვის გადაწყდება.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში აბსოლუტურად სხვა რეალობა შეიქმნა. სოლოლაკში მჯდარმა ბრძენმა კაცმა რაკი საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო, მისთვის ნარმანია არის ნაკლები პრობლემა. მისი უსაქმურობის, უუნარობის და სკანდალების მიუხედავად.

საპარლამენტო არჩევნების წინ `ქართული ოცნების~ პოლიტსაბჭოზე მისი გადაყენების საკითხიც კი დადგა. ყველა აღიარებდა, რომ ის ხალხს ძალიან აღიზიანებდა.

ნარმანია ხალხსაც აღიზიანებს და ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, მაგრამ აქ მთავარია ივანიშვილის პოზიცია. მას თბილისის მერად პოლიტიკური ფიგურა არ სჭირდება. მისთვის იდეალური კანდიდატურაა დავით ნარმანია, რომელიც იმ ბრძენ კაცთან მონურ მორჩილებაშია.

თბილისის მერმა ივანიშვილს ყველაფერი შეუსრულა _ პანორამიდან დაწყებული ბოტანიკური ბაღით დამთავრებული, რასაც მოსამართლე ნატა ნაზღაოძოს ამბავიც დაემატა. მერის პოსტზე ასეთი კაცის ყოფნა სოლოლაკელი ბრძენისთვის კომფორტია.

მონურ მორჩილებას რომ თავი დავანებოთ, ნარმანია პოლიტიკურ დივიდენდებს ვერასდროს მოიპოვებს და ის ივანიშვილისთვის პოლიტიკურად სახიფათო არ გახდება, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

„ახალი თაობის“ კითხვაზე რატომ არჩია ივანიშვილმა ნარმანია კალაძეს?- ლევან ხაბეიშვილის აზრით, კალაძე ივანიშვილისთვის სახიფათოა.

_ თავისი ნეგატივების მიუხედავად, მას აქვს შანსი, გახდეს პოლიტიკური ფიგურა. სხვა თუ არაფერი, ის კახი კალაძეა. მას გააჩნია თავისი ფინანსური რესურსები და საზღვარგარეთიდანაც შეუძლია მათი მოზიდვა. ამიტომაც ის ივანიშვილისთვის მაინც სახიფათოა.

მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ჩემი აზრით, არჩევანი მოქმედ მერზე შეჩერდება. ამის თქმის საფუძველს ის დავალებაც მაძლევს, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიიღო, განუცხადა „ახალ თაობას“ ლევან ხაბეიშვილმა.

„ახალი თაობა“, შორენა მარსაგიშვილი