რა ხდება პრეზიდენტის გუნდში, ვისთან მოახერხხებს პრეზიდენტი გაერთიანებას? _ ამ თემებზე „ახალ თაობას“ ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.
_ გიორგი მარგველაშვილს გასიგრძეგანებული აქვს, რომ ის არის არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ პოლიტიკური დაჯგუფების წევრი და ის თავის მომავალ კარიერაზე მუშაობს. მან ძალიან ჭკვიანურად და ეშმაკურად გამოიყენა `ქართული ოცნების~ ბუტიაობა და დაპირისპირება. თუ ვინმეს ეს დაპირისპირება აწყობს, ეს მარგველაშვილია.
ის თამაშობს დაჩაგრულის იმიჯს, ხელს `ოცნებისკენ~ იშვერს, იძახის, აი, რა დღეში მაგდებენ, სინამდვილეში კი ამას სათავისოდ იყენებს. `ოცნების~ წევრების გაუთვლელი და გაუწონასწორებელი გამოსვლების წყალობით, ეს კაცი გამუდმებით დღის წესრიგში არის. კაცი არაფერს აკეთებდეს და მუდმივად მთავარი თემა იყოს, საოცარია!
მარგველაშვილი ძირითადად 2 რამით გვახსენებს თავს. ერთი, ყველაფერზე ვეტოს ადებს და ამის გამო მას `მისტერ ვეტოც~ კი დავარქვი. მეორეა `ოცნებასთან~ დაპირისპირება. მან კარგად მოირგო ჩაგრულის მანტია და ოსტატურად მუშაობს თავის რეიტინგზე, პრეზიდენტის სასახლე კი პოლიტიკური პარტიის ოფისად გადააქცია, _ აცხადებს ბარამიძე.
„ახალი თაობის“ კითხვაზე რომელი პარტია ჰყავთ მხედველობაში და სავარაუდოდ ვის შემოიკრებს მარგველაშვილი? – გიგლა ბარამიძემ გვიპასუხა:
_ მარგველაშვილის პარტიული ოფისია პრეზიდენტის სასახლე. ეს პარტია ჯერ ოფიციალურად არ შექმნილა, ეს მალე მოხდება. პრეზიდენტის სასახლე უკვე პარტიული ოფისის რეჟიმში მუშაობს. მთელი მისი გარემოცვაც პოლიტიკური პარტიასავით იქცევა.
მის გვერდით შესაძლოა ვიხილოთ დაშლილი რესპუბლიკელების რაღაც ნაწილი. არ გამოვრიცხავ, რომ მასთან აღმოჩნდნენ დაშლილი ნაციონალებიც.
ბარამიძის აზრით, პრეზიდნტისგან გნსხვავებით, დადებბით შთაბეჭდილებას ტოვებს პრემიერი კვირიკაშვილი, თუმცა მათ გაერთიანებას არ გამორიცხავს.
– კვირიკაშვილი ყველანაირად დადებით შთაბეჭდილებას ტოვებს. ამას მეც კი ვაღიარებ, მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას ძალიან მწვავედ ვაკრიტიკებ. ახლაც ვიტყვი, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ბევრი რამე არ მომწონს და ბევრი რამეა შესაცვლელი.
კვირიკაშვილი ცდილობს საქმის გაკეთებას და მისნაირი პრემიერი ნამდვილად დადებითი მოვლენაა ქართულ პოლიტიკაში. პრეზიდენტთან დაძაბულობას იმიტომ არ ქმნის, რომ, სხვებისგან განსხვავებით, ყველაფერს სახელმწიფოებრივი თვალით უყურებს.
შესაძლოა, მას მარგველაშვილთან სხვა ურთიერთობა აქვს და მათ შორის რაღაც კულუარული შეთანხმებაც არსებობს.
ეს შეთანხმება შეიძლება მათ გაერთიანებას გულისხმობდეს. ქართულ პოლიტიკაში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.
„ახალი თაობა“, შორენა მარსაგიშვილი

