მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, პრემიერის გარდა, თანამდებობას კიდევ რამდენიმე მინისტრი დატოვებს.
_ მე მთავრობიდან მომაწოდეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კვირიკაშვილის წასვლა გადაწყვეტილია და ის თანამდებობას რამდენიმე დღეში დატოვებს, _ ამბობს „ახალ თაობასთან“ საუბარში ბრეგაძე.
მისი თქმით, სამთავრობო კარუსელი ქვეყანაში არსებული კრიზისის გადასაფარად დატრიალდება:
_ თითქმის ყველა სფეროში არის კრიზისი. საიდანაც მხოლოდ ერთი გამოსავალია _ მთავრობა უნდა შეიცვალოს. გიორგი კვირიკაშვილთან ერთად თანამდებობას მინისტრთა კაბინეტის კიდევ რამდენიმე წევრი დატოვებს. ამით ხალხის ყურადღებას ცოტა ხნით სხვა საკითხზე გადაიტანენ.
ბრეგაძე არ აკონკრეტებს იმ მინისტრების ვინაობას, რომლებიც, შესაძლოა, კვირიკაშვილს გაჰყვნენ.
_ რაღაც ინფორმაციები, ბუნებრივია, მაქვს, მაგრამ გვარების დასახელებისაგან მაინც თავს შევიკავებ. მთავრობაში ვინც არ უნდა შეიცვალოს, სიტუაცია იგივე დარჩება. მთელი მინისტრთა კაბინეტიც რომ გადახალისდეს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება. ამიტომაც არ ვასახელებ გვარებს, _ ამბობს მინისტრის ყოფილი მოადგილე.
როგორც თავად ამბობს, მისთვის იმ ადამიანის შესახებაც არის ცნობილი, რომელმაც შეიძლება კვირიკაშვილი შეცვალოს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს შეიძლება დიმიტრი ქუმსიშვილი ან გიორგი გახარია იყოს. არის სხვა ვერსიაც. ამბობენ, რომ პრემიერის პოსტზე შესაძლოა პატარკაციშვილებთან დაახლოებული ირაკლი რუხაძე ვიხილოთ.
რუხაძის კანდიდატურას ბრეგაძე გამორიცხავს, მხოლოდ იმას ამბობს, რომ მომავალი პრემიერი მთავრობის წევრია.
_ ეს ადამიანი მინისტრთა კაბინეტის წევრია. გეტყვით იმასაც, რომ, კვირიკაშვილისგან განსხვავებით, ის ამბიციური ადამიანია, _ აღნიშნავს ბრეგაძე.
მისი თქმით, მომავალ პრემიერს თავისი ამბიციები დიდად ვერ წაადგება და ქვეყნის მმართველი ვერ გახდება. ამის მიზეზად კი შემდეგ გარემოებას ასახელებს:
_ კვირიკაშვილს ქვეყნის მართვის არც ამბიცია და არც სურვილი არ ჰქონია. მისი სავარაუდო შემცვლელი ამბიციური ადამიანია, მაგრამ ისიც ვერაფერს შეცვლის. აქ გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი იღებს. პრემიერსა და მინისტრებს ბაღის გამგის დანიშვნასაც არავინ ეკითხება.
„ახალი თაობა“, შორენა მარსაგიშვილი

