ლადო პაპავა: “თსუ-ს რექტორობიდან ჩემ ჩამოშორებას უშიშროება ცდილობდა”

ლადო პაპავა: "თსუ-ს რექტორობიდან ჩემ ჩამოშორებას უშიშროება ცდილობდა"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, აკადემიკოსი ლადო პაპავა დუმილს არღვევს დაEDU.ARIS.GE-სთან რექტორის თანამდებობიდან გადადგომის რეალურ მიზეზებზე, ზუსტად ერთი წლის თავზე საუბრობს. ექსკლუზიურ ინტერვიუში იგი დაწვრილებით იხსენებს იმ მოვლენებს, რაც მის გადადგომას უძღოდა წინ.

პაპავა ყვება იმასაც, რაც 2016 წლის ხმაურიან გაზაფხულზე, სტუდენტთა ფართო გამოსვლების უკან იმალდებოდა. მისი თქმით, უნივერსიტეტის ინტერესების დაცვის საბაბით, სტუდენტებს ამოფარებულმა უშიშროებამ მას წაუგებელი ბრძოლა გამოუცხადა.

–თქვენი გადადგომიდან ერთი წელი გავიდა. როგორ შეაფასებდით თსუ-ში არსებულ სიტუაციას?

-სიტუაცია, რა თქმა უნდა, შეიცვალა. გარკვეული მიმართულებით სახეზეა გაუმჯობესება, გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში კი კითხვები არსებობს.

–რა გაუმჯობესდა?

– პირველ რიგში ის, რომ ამ ეტაპზე სტუდენტურ თვითმმართველობასთან ურთიერთობა დარეგულირდა. ეს, ნამდვილად უნივერსიტეტის ახალი ხელმძღვანელობის აქტივში ჩაითვლება. თუმცა, ამის წინაპირობა ალბათ მაინც ის იყო, როცა 2016 წლის თებერვალ-მარტში სტუდენტთა ჯგუფმა, რომელიც შემდგომ „აუდიტორია 115“-ის სახით ჩამოყალიბდა, გამოსვლები დაიწყო. ამან პრაქტიკულად სტუდენტური თვითმმართველობის გავლით პროექტების დაფინანსების წესი შეცვალა. ამჟამად ამ საკითხს უკვე კომისია წყვეტს და ამას სტუდენტური თვითმმართველობა აღარ ეწინააღმდეგება.

მანამდე სტუდენტური თვითმმართველობა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა იმას, რომ ყველა სტუდენტური პროექტი ერთობლივად განხილულიყო. ამ გამოსვლებმა მოიტანა ის, რომ უნივერსიტეტის ახალმა ხელმძღვანელობამ სისტემა შეცვალა და დღეს უკვე ყველა პროექტი ერთობლივად განიხილება, მიუხედავად იმისა, იგი სტუდენტთა თვითთმართველობის შუამდგომლობითაა წარმოდგენილი თუ მის გარეშე. ეს, რა თქმა უნდა, პოზიტიურია.

– თვითთმართველობასთან დაკავშირებით უნივერსიტეტში სტუდენტების მხრიდან მუდმივად ისმის შენიშვნები და პრეტენზიები. რას აკეთებდით ამ პრობლემის მოსაგვარებლად რექტორობის პერიოდში?

– მე ასეთი პრინციპი მქონდა – მაქსიმალური ურთიერთობა და კომუნიკაცია როგორც თვითმმართველობასთან, ასევე სტუდენტთა იმ ჯგუფებთან, რომლებიც მას უპირისპირდებოდნენ. ჩემი მუშაობის საკმაოდ დიდი დრო ამ კომუნიკაციას ეთმობოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან 2016 წლის მარტში განვითარებულ მოვლენებში და იმაში, რაც ამ მოვლენებს წინ უძღოდა უდიდეს როლს არა უშუალოდ სტუდენტები, არამედ გარკვეული ძალები თამაშობდნენ, რომლებიც უნივერსიტეტიდან ჩემ ჩამოშორებას ცდილობდნენ და ამისათვის, სამწუხაროდ, სტუდენტობასაც იყენებდნენ.

ამ ყველაფერს სტუდენტებს ნამდვილად არ ვაბრალებ. მათში ძალიან ბევრი ალალი, ღირსეული და წარმატებული ადამიანია. მე ყოველთვის ახალგაზრდობის მხარეს ვიყავი და ვიქნები კიდეც, სანამ ცოცხალი ვარ. თუმცა, ფაქტია, რომ იყვნენ გარკვეული ძალები, უშუალოდ უშიშროების სამსახურის მიერ მართულნი, რომლებიც სტუდენტებს, როგორც თვითმმართველობის, ისე მასთან დაპირისპირებულ ჯგუფის ზოგიერთ წევრს, იყენებდა.

– რატომ ცდილობდა უშიშროება თქვენ ჩამოშორებას?

– ეს ალბათ მმართველი პოლიტიკური ელიტის ზოგიერთი წევრის დამოკიდებულება იყო. ნამდვილად არ ვიცი, რატომ. თუ ჩავთვლით, რომ „ქართული ოცნება“ ნაციონალურ მოძრაობას ებრძოდა, მე ნაცმოძრაობის მხარეს ნამდვილად არც რექტორობამდე ვყოფილვარ, არც რექტორობისას და არც მას შემდეგ. ის 9-წლიანი მახინჯი მმართველობა ჩემთვის ყოველთვის მიუღებელი იყო და ამ დამოკიდებულებას არასოდეს ვმალავდი.

როდესაც გადავწყვიტე რექტორის არჩევის კონკურსში მონაწილეობა მიმეღო, „ქართული ოცნების“ ზოგიერთი აქტიური წარმომადგენელი ამ პროცესში პირდაპირ დამიპირისპირდა. ეს ჩემთვის გაუგებარი იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, იგი „ქართული ოცნების“ პოზიციასთან არ გამიიგივებია. 2016 წლის მარტში რომ გამწვავდა სიტუაცია, ეს ადამიანები უკვე პრესით ღიადაც გამოდიოდნენ და მოითხოვდნენ რომ თანამდებობიდან გადავმდგარიყავი. „ქართულ ოცნებასთან“ თითქოს მეგობრული ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ჩემ წინააღმდეგ რატომღაც სახელმწიფო მანქანა აამუშავეს…

– რა უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი?

– სავარაუდოდ, ბევრი. ვიღაცებს შევუშალე ხელი, რომ უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან გაზგასამართი სადგური გაკეთებულიყო. ალბათ გახსოვთ, საპროტესტო აქციებიც გაიმართა, რომელშიც სტუდენტებიც ჩაერთვნენ. ამით თავისი უკმაყოფილება, ჩემთან საუბარში, მაშიდნელმა განათლების მინისტრმაც (თამარ სანიკიძე) გამოხატა.

ამ ყველაფერს კიდევ ერთი მომენტი დაერთო – დიდი საგანძურის ჩამოტანა (ლევილის მამულთან დაკავშირებული საკითხი). საუბარია საგანძურზე, რომელიც უნივერსიტეტს საჩუქრად ტიერი ბერიშვილმა გადასცა. ტიერი ბერიშვილი არის წარმომადგენელი იმ დიდი სახელოვანი ქართველი მოღვაწეებისა – პირველი ქართული მთავრობის, რომელთაც საფრანგეთში მოუხდათ წასვლა. მას პირველი რესპუბლიკის და სოციალ-დემოკრატიული პარტიის საარქივო მასალები ჰქონდა და გადაწყვიტა იგი თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტისათვის საჩუქრად გადმოეცა. ჩემთვის ეს დიდი პატივი იყო, მაგრამ ამას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეეწინააღმდეგა, რომელმაც ოფიციალური წერილი მომწერა – ეს საგანძური უნივერსიტეტში კი არა სახელწმიფო არქივში უნდა იყოსო.

ამას პარიზში საქართველოს საელჩოს გაუგებარი წერილიც დაერთო. მათი აზრით, ეს საჩუქარი თბილისში საერთოდ არ უნდა წამოსულიყო და ლევილის მამულში დარჩენილიყო. ამის შემდეგ, მაშინდელი მთავრობის ერთ-ერთმა, მეგობრულად განწყობილმა წევრმა პირდაპირაც მითხრა – თუ თქვენ ამ საგანძურის ჩამოტანას სამთავრობო ხაზით აპირებთ, უნივერსიტეტი მას ვერ მიიღებს, ამიტომ, სხვა გზები მოძებნეთო.

თავად ბატონი ბერიშვილის პოზიცია კი ძალიან მკაფიო იყო. მან თქვა – ეს ჩემი კერძო საკუთრებაა და ვისაც მინდა მას ვჩუქნიო. მას უნივერსიტეტისათვის ჩუქება უნდოდა. საბოლოო ჯაში, ჩვენ 150 კილიოანი საარქივო მასალისა და წიგნების შემოვლითი გზით ჩამოტანა დაგვჭირდა. ამ მასალების საფუძველზე უნივერსიტეტში პირველი რესპუბლიკის ბიბლიოთეკა და კვლევითი ცენტრი დავაარსეთ. ახლა ეს მასალა უნივერსიტეტში ინახება. მთავრობას კი, სამწუხაროდ, ეს არ უნდოდა. ასე რომ, ერთ-ერთი პრობლემა ესეც იყო – მთავრობას არ დავუთმეთ ის, რაც უნდოდა.

კულმინაცია კი, სავარაუდოდ, გაზპრომთან დაკავშირებული ჩემი განცხადებები გახდა. რექტორობის დროს ყოველთვის ვიკავებდი თავს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების საჯარო შეფასებისაგან, მაგრამ როდესაც გაზპრომთან ხელშეკრულების შეცვლის საკითხი დადგა და საუბარი ნატურალური ანაზღაურებიდან ფულად ანაზღაურებაზე გადასვლაზე დაიწყო, 2016 წლის იანვარში ჩემი საპირისპირო პოზიცია ღიად დავაფიქსირე. ეს ალბათ ყველაზე მწვავე იყო და ”ბოლო ლურსმნის ჩაჭედების” როლიც შეასრულა.

ნიუპოსტი