პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო კომისიის სხდომა კვლავაც პრეზიდენტის მისამართით გაკეთებული განცხადებით დაიწყო. მისი თქმით, სარწმუნო ინფორმაციით, პრეზიდენტი კონსულტაციებს მართავდა არასაპარლამენტო ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორთან, რათა მათ კომისია დაეტოვებინათ.
ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე ირაკლი კობახიძემ განმარტება უნდა გაკეთოს.
– პრეზიდენტის ხსენება პარლამენტის თავმჯდომარეს დასჭირდა იმისთვის, რომ ვიღაცას გაპრანჭვოდა. მე მაქვს მასთან ძალიან მარტივი კითხვა, სარწმუნო ინფორმაციაზე რომ ლაპარაკობს, საიდან აქვს ეს სარწმუნო ინფორმაცია?! რა, აგენტურა ჰყავთ სადმე ჩანერგილი, სპეცსამსახურების მონაცემებით სარგებლობს? გააკეთოს განმარტება! – აცხადებს ხუხაშვილი.
ექსპერტი ვარაუდობს, რომ არა პრეზიდენტის მცდელობა, სამოქალაქო სექტორი უკვე დატოვებდა საკონსტიტუციო კომისიას.
– სისულელეა ის, რომ პრეზიდენტი ვინმესთან კონსულტაციებს აწარმოებდა. მე პირიქით გეტყვით, როდესაც პრეზიდენტთან იყო სამოქალაქო სექტორის ზოგიერთი პარტიის წარმომადგენლის შეხვედრა, ისინი გამოთქვამდნენ პრეზიდენტთან უკმაყოფილებას ამ პროცესთან დაკავშირებით და ისინი ამბობდნენ, თუ ასე გაგრძელდა, ისინი დატოვებდნენ კომისიას, პრეზიდენტი კი ცდილობდა, მათთვის გადაეფიქრებინა ამ ნაბიჯის გადადგმა.
პარლამენტის თავმჯდომარე ყველაფერს თავდაყირა აყენებს, რათა საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინოს და ვიღაცას გაეპრანჭოს! ასევე სერიოზული კითხვები გამიჩნდა “სარწმუნო ინფორმაციასთან” დაკავშირებით, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?! საიდან იღებენ სარწმუნო ინფორმაციას?
ეს ყველაფერი სპეცმეთოდებს ხომ არ უკავშირდება და მოსმენების კანონის ჯიუტად გატანა ამისთვის ხომ არ სჭირდებოდათ? თუ რა ხდება, ვერ გავიგე! – განაცხადა „ახალ თაობასთან“ გია ხუხაშვილმა.

