მიხეილ გიორგაძეს ხსნიან?

მიხეილ გიორგაძეს ხსნიან?როდესაც მიხეილ გიორგაძე კულტურის მინისტრი გახდა, პოლიტიკურ კულუარებში ითქვა, რომ გიორგაძე მაშინდელი პრემიერის, ღარიბაშვილის მეზობელი იყო, რომ მათი ცოლები მეგობრობდნენ და ზუსტად ასე გადაწყდა მისი მინისტრად დანიშვნა.

შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილმა პრემიერის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდანაც გაქრა, არაერთხელ ითქვა, რომ გიორგაძესაც მოხსნიდნენ, მაგრამ „ისტერნ პრომოუშენის“ დამფუძნებელი მინისტრის სავარძელს დღემდე ინარჩუნებს და, როგორც ამბობენ, თავის თანამდებობას უმეტესად იმისთვის იყენებს, რომ საქართველოში ბევრი ჯაზფესტივალი ჩატარდეს.

მოგეხსენებათ, ჯაზფესტივალების ტრადიციას საფუძველი სწორედ „ისტერნ პრომოუშენმა“, ანუ იმ კომპანიამ ჩაუყარა, რომელიც გიორგაძესთან ასოცირდება.

ზოგი იმასაც ამბობეს, რომ გიორგაძე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულს საკუთარ კომპანიას ახმარს, მაგრამ ამის დამადასტურებელი ფაქტები მიხეილზე გაბრაზებულ კულტურის მოღავწეებსაც არ აქვთ. ამიტომ, ჩნდება კითხვა, თუ რატომ არ მოსწონს, მაგალითად, ქეთი დოლიძეს ან ირმა სოხაძეს მიხეილ გიორგაძე?

_ მიხეილ გიორგაძე არ მესალმება, არადა ჩემი ნათესავია, _ განაცხადა ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში ირმა სოხაძემ.

რეჟისორი ქეთი დოლიძე კი ამბობს, რომ მიხეილ გიორგაძე ჯაზ ფესტივალებს კარგად აკეთებს, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

_ ღმერთმა კარგად ამყოფოს მიშა გიორგაძე… ვფიქრობ, კარგად აკეთებდა ჯაზ ფესტივალს. მეტი რა დამსახურება აქვს იმისთვის, რომ უდიდესი კულტურის მქონე ქვეყნის კულტურის მინისტრი იყოს?! მე პირადად არ დავნიშნავდი.

თუ ლაპარაკია იმაზე, რომ მენეჯმენტი იცის, მენეჯმენტი ყველამ იცის, თუ ბევრი ფული გაქვს. როცა 3 წელი პრიორიტეტად აქვს ჯაზ ფესტივალი, მერე უკვე 20-18 მილიონს ხარჯავ ისეთ ღონისძიებებში, რომლებიც, მისი აზრით, მნიშვნელოვია, _ განაცხადა ქეთი დოლიძემ გადაცემა „პრიორიტეტში“.

ირმა სოხაძეც და ქეთი დოლიძეც მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერები არიან, რასაც არც თვითონ მალავენ. კულტურის სამინისტროში პრობლემები რეალურად არსებობს, მაგრამ როცა ამის შესახებ ლაპარაკს ხელისუფლების მომხრეები იწყებენ, ეს, ალბათ, იმაზე მიანიშნებს, რომ მიხეილ გიორგაძე მინისტრის პოსტს მალე დატოვებს.

 

მიხეილ გიორგაძე შეიძლება, წავიდეს, მაგრამ აი, მის მოდგილეს, მანანა ბერიკაშვილს საფრთხე დაემუქრება თუ არა, უცნობია.

როცა გიორგაძემ გურამ ოდიშარია შეცვალა, მან მოადგილეობის საკუთარი კანდიდატები დაასახელა, რომელთა შორისაც აღარ იყო მანანა ბერიკაშვილი, მაგრამ როგორც ამბობენ, ამ საქმეში თავად ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი ჩაერია, ანუ არაოფიციალური ინფორმაციით, ბერიკაშვილმა მას ხმა მიაწვდინა, რის შემდეგაც გიორგაძე იძულებული გახდა, რომ მანანა ბერიკაშვილი მოადგილედ დაეტოვებინა.

ოდიშარიას დროს, როგორც ამბობენ, რეალური მინისტრი სწორედ ეს ქალი იყო, მაგრამ დღეს მისი უფლებები შეკვეცილია, თუმცა კულტურის მოღვაწეთა ერთი ფრთა ამბობს, რომ სანამ მანანა ბერიკაშვილი კულტურის სამინისტროშია, ქართული კულტურის გაჯანსაღებაზე საუბარი არ შეიძლება.

მოკლედ, მიხეილ გიორგაძის წინააღმდეგ დაწყებული აჟიოტაჟი, როგორც „ნიუპოსტს“ უთხრეს, შეიძლება, დიდი სამთავრობო ცვლილებების მიზეზი გახდეს.

ამასთან, იმის შესახებაც ლაპარაკობენ, რომ კულტურის მინისტრობა ია მაქაცარიას უნდა, რომელიც ამჟამად თბილისისი მერიის კულტურის განყოფილებას ხელმძღვანელობს, მაგრამ „ნიუპოსტს“ ისიც უთხრეს, რომ მაქაცარიას კანდიდატურა ივანიშვილს არ მოსწონს.

ასე რომ, როგორ დამთავრდება „ოცნების“ კულტურული ინტრიგა, ჯერჯერობით უცნობია.

ნიუპოსტი