მსახიობი ნინო მუმლაძე ხანგრძლივი ტაიმაუტის შემდეგ სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” კვლავ გამოჩნდა. მის გმირს, ნათიას, მძიმე დაავადება აქვს, შვილის მოვლას ვეღარ ახერხებს. ამის გამო დათო გოცირიძის, რომლისგანაც ბავშვი გააჩინა, გზები ისევ გადაიკვეთა…
თუ როგორ განვითარდება ამ პერსონაჟების ურთიერთობა და როგორ ცხოვრობს “ჩიტივით თავისუფალი” 32 წლის მსახიობი, ამაზე ნინო ჟურნალ “სარკეს” უყვება.
– ნინო, თავის დროზე თუ იყავით მზად, რომ შეგესრულებინათ ისეთი ქალის როლი, რომელიც ცოლიან მამაკაცთან აბამს რომანს, მისგან შვილს აჩენს და ა.შ.? ელოდით იმ რეაქციას, რაც მაყურებელს ექნებოდა?
– სულ მესმოდა, რა ცუდ გოგოს თამაშობო, მაგრამ ჩემთვის ასეთი როლი ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე ბანალური როლები, გამაღიზიანებელი მარცვლის გარეშე.
– დათო გოცირიძის პოზიციაზე რას იტყვით?
– შეიძლება თავის დროზე დიდი შეცდომა დაუშვა ამ ქალთან ურთიერთობით, მაგრამ ამ ეტაპზე კაცურად იქცევა, შვილს და მის დედას ზურგი არ შეაქცია.
– დათოს ცოლის, ნინას, ადგილას როგორ მოიქცეოდით?
– ნინა გმირია, რომ ოჯახი შეინარჩუნა, ქმარს აპატია. მიუხედავად იმისა, რომ ნინამ მიიღო ბოდიში დათოსგან, მან აგრძნობინა, რომ ეს შეცდომა აღარასდროს უნდა გაიმეოროს.
– მაყურებელს, როგორც ყოველთვის, თქვენი პირადიც აინტერესებს. პირდაპირ გკითხავთ, გყავთ შეყვარებული?
– არა, აბსოლუტურად თავისუფალი ჩიტი გახლავართ. 32 წლის ქალი ვარ. გათხოვილი არასდროს ვყოფილვარ. ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდები, როდესაც მქონდა სიმპათიები, მაგრამ იმდენად სერიოზული არც ერთხელ ყოფილა, რომ ურთიერთობა გაგრძელებულიყო. ვერ შევხვდი საიმედო მამაკაცს, რომელთანაც ოჯახის შექმნის სურვილი გამიჩნდებოდა.
ყველა მეუბნება, მამაკაცებს კრიტიკულად უდგებიო. შეიძლება ასეც არის, მაგრამ, ვფიქრობ, ადამიანთან, რომელთანაც მთელი ცხოვრება უნდა გაატარო, მაქსიმალურად კომფორტულად უნდა გრძნობდე თავს. თუ ასე არ არის, სინანული და გამოთხოვება, დიდი სისულელეა.
– მრავალჯერად ქორწინებაზე რას ფიქრობთ?
– ეს ბედის და ტვინის ამბავია. ადამიანი რაღაცებს უნდა ითვალისწინებდე, როცა ოჯახს ქმნი. წინასწარ არავის აქვს დაგეგმილი ბევრჯერ გათხოვება და ცოლის ბევრჯერ მოყვანა. ყველა ოცნებობს იმაზე, რომ ერთხელ შექმნას ოჯახი და ცხოვრების ბოლომდე ბედნიერი იყოს. როცა თხოვდები, ჩნდება პრობლემები, ხვდები, რომ სისულელე ჩაიდინე და შორდები, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ შავებში უნდა იარო? ეძებ კიდევ რაღაც ახალს.
ალბათ ამიტომაც არ ვჩქარობ და ამიტომაც ვერ გადავდგი ეს ნაბიჯი, რომ მინდა, ერთხელ და სამუდამოდ გავხდე ბედნიერი.
– ასეთი მამაკაცი თქვენს წარმოდგენებში როგორია?
– ვიზუალს ყველაზე ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას, ისევე როგორც ფინანსურ მხარეს. მთავარია, ადამიანი საღად აზროვნებდეს, არ იყოს სტერეოტიპების ზეგავლენის ქვეშ, ჰქონდეს კარგი იუმორი. და კიდევ, საინტერესო უნდა იყოს.
– თავად როგორი ხართ, როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს?
– არც ისეთი მარტივი და პოზიტიური ხასიათი მაქვს, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ადვილიც არ არის ჩემთან ცხოვრება, მაგრამ ის კი ვიცი, რომ შემიძლია ადამიანს დიდი კომფორტი შევუქმნა, რომ ჩემ გვერდით ბედნიერი იყოს და შესაბამისად მისგანაც იმავეს ვითხოვ.
– მაქსიმუმი, რამდენ ხანს გრძელდება თქვენი სასიყვარულო რომანები?
– “რომანები” – ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ წელიწადის მერე მთავრდება.
– ალბათ თქვენს ცხოვრებას გამუდმებით თან სდევს კითხვა გარშემომყოფთაგან: “როდის თხოვდები?”.
– რასაკვირველია, მაგრამ ოჯახში შეგნებული ხალხი მყავს და ამ კითხვით არ მაწუხებენ. მათ იციან, რომ გვერდით ღირსეული მამაკაცი უნდა მყავდეს და თუკი ასეთს ვერ შევხვდები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველ წუთს უნდა მიმეორონ, არიქა, გათხოვდიო.
– ქალებისთვის ძალიან მტკივნეულ თემას უნდა შევეხო – დიეტებს, ვარჯიშს და ა.შ. თქვენ რა ხერხებს მიმართავთ ფორმაში ჩასადგომად?
– ამჟამად ძალიან მკაცრ დიეტაზე ვარ და უკვე 6 კილო მაქვს დაკლებული. როცა არის დეპრესიული ფონი, პრობლემები, ხარ როლის გარეშე, რაღაცნაირად დუნდები, გაღიზიანებული ხარ და ამ მომენტში ძალიან რთულია დიეტის დაცვა.
რთული პერიოდი მქონდა ფინანსური თვალსაზრისითაც, პირადი პრობლემებიც იყო, უმუშევრობაც… გეგმაში მაქვს, რომ, მინიმუმი, 12 კილო დავიკლო.
– წონის გამო მაყურებელი ხშირად გაკრიტიკებთ?
– კი და მივეჩვიე. ახლაც კი, როცა სერიალში გამოვჩნდი, დაწერეს, რა ეტყობა ახლა ამას ავადმყოფობისო. მივეჩვიე ჭორებს, კრიტიკას. ამ ყველაფერს არ ვაქცევ ყურადღებას, რომ ნერვები არ გავიფუჭო.
ლანა კიკნაძე, ჟურნალი “სარკე”

