სამოდელო სააგენტო ლუქ მოდელსის დამაარსებელსა და ხელმძღვანელს ნინო ცქიტიშვილს ერთ-ერთი მოდელის დაბლოკვა დაავალეს.
ინფორმაცია ამის შესახებ ნინო ცქიტიშვილმა თავად გაავრცელა:
_ ძალიან საინტერესო ამბავი გადამხდა და მინდა გაგიზიაროთ. თან ამ ყველაფერზე ძალიან მეცინება, იმიტომ, რომ აქამდე რუსები ერუდირებული და ცივილური ხალხი მეგონა.
მოკლედ, მოდის ტიპი XXI საუკუნეში, რომელიც სპეციალურად მოსკოვიდან ჩამოფრინდა და მთავაზობს, რომ ჩვენი ერთ-ერთი რუსი ტოპ მოდელი, რომელიც თურმე მისი ”ნაჩალნიკის” შეყვარებული ყოფილა, ამ გოგოსთან შეთანხმების გარეშე, რომელიც დღე-დღეზე ლოს ანჯელესში მიფრინავს, მოვხსნა ყველანაირი საერთაშორისო გადაღებებიდან და აღარ გავუფორმო კონტრაქტები სხვადასხვა უცხოურ სააგენტოებთან, რადგან უკვე 6 თვეა მისმა ”ნაჩალნიკმა” ბედი გადაუწყვიტა.
ყველაზე მთავარი ამ ამბავში ის არის, რომ ტიპი გაოგნებული დარჩა იმით, რატომ არ შეიძლებოდა ჩვენი მოსყიდვა, როცა, თურმე მოსკოვში ეს მიღებული ყოფილა. ვინც მიცნობს, ალბათ მიხვდება, ჩემგან რა პასუხსაც მიიღებდა და რა მდგომარეობაში გავუშვებდი სააგენტოდან.
ახლა თქვენ მითხარით, ამას რა დავარქვა?