კავკასიის მეფისნაცვალი (1844-1854 წლებში), მიხეილ ვორონცოვი, 70 წელს იყო გადაცილებული, როდესაც ულამაზესი ქართველი ქალი შეუყვარდა. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დოდო ჭუმბურიძე ჟურნალ ”სარკეს” უამბობს, რომ ვორონცოვმა ყმაწვილკაცივით დაკარგა თავი, როდესაც ელენე ორბელიანი გაიცნო, მანამდე კი მანანა ორბელიანით იყო გატაცებული. ეს ორი ქალი გარეგნობით ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. პირველი _ ნატიფი, ჰაეროვანი გახლდათ, მეორე _ ჩაფსკვნილი, პუტკუნა.
მისი თქმით, მანანა ორბელიანსა და ვორონცოვს ფიზიკური ურთიერთობა არ ჰქონიათ. მიხეილი საქართველოში რომ ჩამოვიდა, 62 წლის იყო, მანანა ორბელიანი კი _ 37 წლის ქვრივი, რომელსაც მე-19 საუკუნის ქართველ საზოგადოებაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა.
მანანა 14 წლის ასაკში გაათხოვეს 21 წლის დავით ორბელიანზე. მათ 3 შვილი შეეძინათ _ ივანე, ანასტასია და ალექსანდრე. დავითი 29 წლის ასაკში გარდაიცვალა და ოჯახის სიმძიმე ახალგაზრდა ქვრივს დააწვა მხრებზე.
__ საიდან გაჩნდა ლიტერატურაში ის მოსაზრება, რომ მათ ერთმანეთი უყვარდათ?
_ როგორც ჩანს, მათმა ურთიერთობამ შექმნა ეს აზრი. ვორონცოვი ორბელიანს გვერდით ისვამდა. ტოლსტოი აღწერს, ვორონცოვს გვერდით ლამაზი ქვრივი ქალი ეჯდაო. მეფისნაცვალი მანანათი აღფრთოვანებული იყო და მის მიმართ დიდ ყურადღებას იჩენდა, მაგრამ მისი ნამდვილი სიყვარული და დიდი გატაცება სულ სხვა ქალი გახლდათ, ელენე ორბელიანი.
ვორონცოვი 70 წელს იყო გადაცილებული, ელენე რომ შეუყვარდა. როგორც ამბობენ, ამ პლატონური სიყვარულის შესახებ ვორონცოვის ცოლმაც იცოდა.
__ და როგორი რეაქცია ჰქონდა?
_ ცხადია, გრძნობდა, რომ ეს მხოლოდ ლამაზი სიყვარული იყო, რომელიც ფიზიკურ ურთიერთობამდე არ მივიდოდა. ამის მიზეზი არამხოლოდ ასაკოვანი და ჯანმრთელობაშერყეული ვორონცოვის მდგომარეობა იყო, არამედ ელენე ორბელიანის ქართული ბუნება და უჩვეულო კდემამოსილება.
__ ვინ იყო ელენე ორბელიანი?
_ ელენე ორბელიანი-ერისთავი გახლდათ მანანა ორბელიანის მაზლისშვილი, ანუ ლუარსაბ ერისთავის უფროსი ქალიშვილი. ელენე და მისი უმცროსი და, მარიამი, ძალიან ლამაზები იყვნენ. ელენეს მარჯვენა ლოყაზე ხალი ჰქონდა, რაც საქართველოში ქალის სილამაზის გამოხატულებად ითვლებოდა.
1836 წელს ელენე გაათხოვეს ზაქარია ერისთავზე, რომელიც ყაჩაღებმა მოკლეს. ვორონცოვის ბრძანებით, მკვლელები დასაჯეს. ზაქარიას საქმისადმი გამოჩენილი ასეთი დაინტერესების გამო ვორონცოვი ელენესა და მისი ნათესავების თვალში ამაღლდა.
მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი მოგონებებში წერს, რომ ვორონცოვი ელენეს ფეხებთან დაჩოქილი უნახავთ. ანდრეევსკის მოგონებებში გადმოცემულია სხვა დეტალებიც. როცა ვორონცოვი ელენესთან აპირებდა მისვლას, დილიდანვე მის სახლში აგზავნიდა თაიგულებს და ტკბილეულს, ხანდახან ძვირადღირებულ საჩუქარსაც.
ვორონცოვი არაფერს სთხოვდა ელენეს, ხანდახან თავს უფლებას აძლევდა, მისთვის ხელზე ეკოცნა. აღდგომას კი უჩუმრად, რუსული ჩვეულებისამებრ, სამჯერ ეამბორებოდა.
ხარიტონოვის მოგონებებში ვკითხულობთ, რომ 1852 წელს, როდესაც ვორონცოვი ბორჯომში ოჯახთან ერთად ისვენებდა, მან მოიმიზეზა რძლის დაბადების დღე და ბორჯომიდან კოჯორში წავიდა, სადაც მისი რძალი ისვენებდა. ერთი თვის განმავლობაში კოჯრიდან თბილისში ყოველდღე დადიოდა და საათობით რჩებოდა თავის უკანასკნელ სიყვარულთან, ელენე ორბელიან-ერისთავთან.
__ ქალს თუ ჰქონდა გრძნობები მის მიმართ?
_ ელენესაც მოსწონდა ვორონცოვი, მაგრამ მისი მხრიდანაც ეს იყო პლატონური ურთიერთობა.
__ თავშეკავებას მეფისნაცვალი იჩენდა თუ ელენე?
_ ორივე. ვორონცოვი კულტურული ადამიანი იყო და საყვარელ ქალს ცუდს არაფერს აკადრებდა. ელენეც კეთილშობილი ქალი გახლდათ. ამბობენ, რომ მას ევროპული გარეგნობა ჰქონდა და სანამ მეფისნაცვალი საქართველოში იყო, სულ ევროპულად იცვამდა, ხოლო როდესაც ვორონცოვმა საქართველო დატოვა, ელენე მხოლოდ ქართულ კაბებს ატარებდა.
1865 წელს, საქართველოდან ვორონცოვის წასვლის 10 წლისთავზე, თბილისში მისი ძეგლი გაიხსნა და დიდი ზეიმი მოეწყო. ანდრეევსკი წერს, რომ ღონისძიებას ელენეც ესწრებოდა. რაც ვორონცოვმა საქართველო დატოვა, იმ დღიდან ელენე ორბელიანი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა.
ჟურნალი ”სარკე”, ლია ოსაძე