გასულ წელს ყოფილი დეპუტატების შენახვა ბიუჯეტს 4,5 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა.
– ჩვენ გვყავს 712 ყოფილი პარლამენტარი, რომლებმაც ბოლო 1 წლის განმავლობაში 4.601.157 ლარი მიიღეს. ქამრების შემოჭერაზე ლაპარაკის ფონზე 4.601.157 ლარი გავიდა ბიუჯეტიდან იმ მიზნით, რომ ყოფილ პარლამენტარებს კომპენსაცია აეღოთ, – აცხადებს “ახალ თაობასთან” საუბარში “ახალი საქართველოს” წევრი თეონა ჭალიძე.
მისი თქმით, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს, ყოფილი დეპუტატებისთვის ამ ოდენობის თანხის გადახდა დაუშვებელია.
– ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ვალით ყიდულობს საჭმელს. ამ ფონზე ყოფილი დეპუტატებისთვის მილიონების გადახდა, უბრალოდ, სირცხვილია. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ დეპუტატების მნიშვნელოვანი ნაწილი მილიონერია და საკუთარი ბიზნესი აქვს, – ამბობს “ახალი საქართველოს” წარმომადგენელი.
მისი თქმით, აუცილებლად უნდა მოხდეს ყოფილი დეპუტატების ქონებრივი მდგომარეობის შესწავლა და კომპენსაცია მხოლოდ იმათ უნდა აიღონ, ვისაც ის ნამდვილად სჭირდება.
– კარგად ვიცი, რომ 712 ყოფილი დეპუტატიდან ყველა არ არის ბიზნესმენი და მილიონერი. ბევრ მათგანს უჭირს კიდეც. ამიტომ, კარგი იქნება, თუ კომპენსაციას მხოლოდ ასეთები მიიღებენ, – მიაჩნია ჭალიძეს.
მისი აზრით, უხერხულია, მილიონერები ყოველთვე კომპენსაციას იღებდნენ, მაშინ როდესაც მარტო თბილისში 39.000-ზე მეტი მოქალაქე უფასო სასადილოთი სარგებლობს, ხოლო 7.030 მოქალაქეზე მეტი ერთ წელზე მეტია, სიაში ჩასმას ელოდება და, ფაქტობრივად, შიმშილობს.
– ბიუჯეტიდან მილიონები იმ ქვეყნის ყოფილ, არაფრის მაქნის პარლამენტარებს მიაქვთ, სადაც 126.570 ბავშვს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. საქართველოში, საერთო ჯამში, 445.555 სოციალურად დაუცველი ადამიანია და 40.000-მდე ოჯახს შეჩერებული აქვს საარსებო შემწეობა, – აცხადებს ჭალიძე.

