ციანიდის საქმეში კიდევ ერთი ახალი დეტალი გაჩნდა.
პროკურატურას აქვს მტკიცებულება, რომლის თანახმად, მამა გიორგი მამალაძე ციანიდის შეძენას ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში ცდილობდა. ამას კატეგორიულად უარყოფენ ადვოკატები.
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ მოწმეს, რომლის ჩვენებაც პროკურატურას უდევს, მამა გიორგიმ არა ციანიდის, არამედ გველის შხამის შეძენა სთხოვა.
ვისთვის და რატომ ყიდულობდა მამა გიორგი გველის შხამს, – ამის შესახებ მიხეილ რამიშვილი „ახალ თაობას” ესაუბრება.
– ერთ-ერთი მოწმის ჩვენება, რომელიც ამტკიცებს, რომ მამა გიორგიმ ციანიდის შეძენა გასული წლის ზაფხულში სთხოვა, როგორც მტკიცებულება, ისე წარმოგვიდგინეს. ისე უნდათ საქმის წარმოჩენა, თითქოს ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფმა შარშან დაიწყო ციანიდის შოვნაზე ზრუნვა.
ეს არის ტყუილი და ახლავე გეტყვით, რატომაც. მოწმეს გასული წლის ზაფხულში მამა გიორგიმ არა ციანიდის, არამედ გველის შხამის შოვნა სთხოვა შორენა თეთრუაშვილის დავალებით.
შორენას მუხლზე რაღაც ტრავმა აქვს და აწუხებს. ვიღაცას უსწავლებია, რომ ამის სამკურნალოდ გველის შხამზე დამზადებული მალამოა კარგი. შორენამ გველის შხამის შოვნა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფს სწორედ მალამოს დამზადების მიზნით დაავალა.
ამასთან დაკავშირებით მამა გიორგის ჩვენებაც აქვს მიცემული პროკურატურისთვის. ის ამბობს, რომ იმ კაცს, რომელსაც შხამის შოვნა სთხოვა, შუა აზიაში ჰყავს მეგობრები. მოწმე დაჰპირდა, რომ მათგან გაიგებდა ყველაფერს.
მოწმეც ჯიუტად აცხადებდა, რომ მამაომ ციანიდის შოვნა სთხოვა. ჩატარდა მისი მიწერ-მოწერის, სატელეფონო საუბრების ექსპერტიზა და დადგინდა, რომ საუბარია გველის შხამზე.
ექსპერტიზის შედეგად, მიმოწერიდან გაირკვა, რომ მოწმე თავის მეგობრებს ეკითხება, როგორ შეიძლება თქვენთან ამის ყიდვა ან რა ღირს. იქიდან მოვიდა პასუხი, რომ ამის შეძენა არც ისე იოლი საქმეა და ამისთვის კონტრაქტის გაფორმებაა საჭირო, – აცხადებს რამიშვილი.
ადვოკატი ააცხადებს, რომ მოწმე ირაკლი მამალაძე არ არის.
_ არანაირი ირაკლი მამალაძე. ეს არის სულ სხვა ადამიანი. ის საგამოძიებო უწყებამ მხოლოდ ორჯერ დაკითხა, პირველად _ თებერვალში, მეორედ _ მარტში.
მის ვინაობას ვერ დავასახელებ. სხვა მხრივ ჩემს თითოეულ სიტყვაზე ვარ პასუხისმგებელი, – განუცხადა „ახალ თაობას“ მიხეილ რამიშვილმა.

