1 აპრილს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის IV ტურის სამი შეხვედრა ჩატარდა. დღის ბოლო მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც “დილამ” თბილისის “საბურთალო” მიიღო და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი ვაგნერ გონსალვეშის ანგარიშზეა.
ამ გამარჯვებით “საბურთალომ” 9 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში დროებით გალიდერდა.
თბილისის “ლოკომოტივმა” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ქუთაისის “ტორპედოს” უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
ანგარიში დედაქალაქელებმა გიორგი კიკნაძის გოლით პირველსავე ტაიმში გახსნეს, თუმცა “ლოკომოტივის” სიხარულმა დიდხანს არ გასტანა. სტუმართა ფორვარდნიკოლოზ საბანაძეს გასათანაბრებლად სულ ერთი წუთი დასჭირდა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.
ქობულეთის “შუქურამ” სამტრედიაში ფოთის “კოლხეთს” უმასპინძლა და ანგარიშით 2:4 დამარცხდა.
ქობულეთელთა რიგებში დუბლით ლევან კუტალია გამოირჩა, ფოთელთაგან კი ჰეთ-თრიქი უკრაინელმა ლეგიონერმა მიკოლა კოვტალიუკმა შეასრულა. ეს პირველი ჰეთ-თრიქია მიმდინარე ჩემპიონატში.
საბოლოო ანგარიში ბოლო წუთზე გიორგი ბუხაიძემ დააფიქსირა, იქამდე კი “შუქურა” კაცნაკლული დარჩა – 65-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან მეორე გაფრთხილებისთვის რომან ჩაჩუა გააძევა.
ტურის დარჩენილი ორი მატჩი 2 აპრილს გაიმართება. საჩხერის “ჩიხურა” ბათუმის “დინამოს” ზესტაფონში მიიღებს, ჩემპიონი “სამტრედია” კი თბილისის “დინამოს” უმასპინძლებს.
სპორტალ.გე

