თამთა მურადაშვილი: “ვინც კი მომწონებია, ყველა მაგარი პროფესიონალი იყო”

თამთა მურადაშვილი: "ვინც კი მომწონებია, ყველა მაგარი პროფესიონალი იყო"ადვოკატი თამთა მურადაშვილი “რუსთავი 2”-ის გმირად იქცა. სწორედ მისი იდეა იყო, სტრასბურის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაესაჩივრებინათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, “რუსთავი 2” მის ადრინდელ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, დაუბრუნეს. პრეცედენტი შედგა, სტრასბურის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება უვადოდ გააგრძელა.

როგორია მგრძნობიარე და ამავე დროს ძლიერი ქალის ცხოვრება, თამთამ “სარკეს” უამბო.

გთავაზობთ ინტერვიუს იმ ნაწილს, რომელიც პირად ცხოვრებას ეხება.

– თამთა, “რუსთავი 2”-ის იქით როგორია თქვენი ცხოვრება?

– ცხოვრებაშიც დინჯი ვარ, მაგრამ ახლო მეგობრებთან – ღია და გახსნილი. მხიარულიც ვარ და, როგორც მეუბნებიან, საინტერესო მსმენელიც. შემიძლია ადამიანებს მოვუსმინო, რჩევები მივცე…

ადვილად არ ვუმეგობრდები ადამიანებს, დისტანციას ვიცავ, მაგრამ თუ მივიღე, მთლად ჩემიანი ხდება და ძალიან ერთგული ვარ. ეს იმაზეა დამოკიდებული, მისი ფასეულობები რამდენად თავსებადია ჩემთან.

მყავს დედა და და. დედასთან ერთად ვცხოვრობ. ჩემი და საზღვარგარეთაა, იქ მუშაობს – ექიმია, მეცნიერი. მამა გარდაცვლილი მყავს. ბოლო ორი წელია, “რუსთავი 2”-ის რეჟიმიდან გამომდინარე, ბევრი რამის მოკლება მიწევს. არ მაქვს ფუფუნება, რომ მშვიდად დავისვენო და საკუთარ თავს სიამოვნება მივანიჭო. ჩემი ძირითადი განტვირთვა მეგობრებთან ურთიერთობაა.

თხილამურები, ცურვა, წიგნების კითხვა და ქალაქგარეთ გასვლა მიყვარს, ხანდახან მარტოც გავდივარ ხოლმე. მუდმივად მუსიკის ფონზე ვმუშაობ. ადრე ვხატავდი კიდეც – პეიზაჟებს, პორტრეტებს… ამ ბოლო დროს ისევ გამიჩნდა ხატვის სურვილი, შეიძლება ამ დაძაბული რეჟიმის გამო განტვირთვა მჭირდება.

მარტო ყოფნა მოწყენილობის დროს მიყვარს. როცა არ იმსახურებ რაღაცას, სხვაგვარად ხარ ადამიანის მიმართ განწყობილი და არ გიფასებენ, გული გტკივა. როცა სულს და გულს ჩადებ, მეგობრად მიიღებ და საპირისპირო დაგხვდება, ძალიან გულსატკენია.

– როგორი მამაკაცები მოგწონთ?

– საკუთარ თავში დარწმუნებული, პროფესიონალი მამაკაცები. ვინც კი მომწონებია, ყველა მაგარი პროფესიონალი იყო თავისი საქმის. ალბათ გარეგნობითაც უნდა მიგიზიდოს – მამაკაცური უნდა იყოს.

– არის ასეთი ვინმე თქვენს ცხოვრებაში?

– არა. ვმეგობრობდი ერთთან, მაგრამ ახლა… გავიყარეთ.

– როცა ნიკა გვარამიამ გამოაცხადა, სტრასბურმა ჩვენი სარჩელი მიიღოო, ის საჯაროდ გკოცნიდათ, რაც სოციალურ ქსელებშიც გახდა გარჩევის საგანი.

– იქ ყველა ერთმანეთს ვეხუტებოდით და ვკოცნიდით, ისეთი ბედნიერები ვიყავით. არც მახსოვს, რა ხდებოდა. ნიკა ენდო ჩემს ამ იდეას და გავრისკეთ. ვიცოდით, რომ შანსი არ გვქონდა, მაგრამ ვეუბნებოდი, მოდი, გავრისკოთ, რადგან ყველა კეისი ოდესღაც პირველი იყო-მეთქი. ნიკა აღფრთოვანებული იყო, რომ გამოგვივიდა.

ნიკა ბავშვებს გვეძახის – ჩემო ბავშვებოო. მზრუნველობითი დამოკიდებულება აქვს. ამავე დროს ვმეგობრობთ, მაგრამ სულ გვახსოვს, რომ ჩვენი უფროსია.

– როგორია თქვენი ქალური მხარე, ვთქვათ, როგორი დიასახლისი ხართ?

– თუ რამეს ვაკეთებ, ტრადიციულ რეცეპტებს არ ვიყენებ, თვითონ ვიგონებ. მაგალითად, უგემრიელესი გამომდის სალათი რუკოლას ფურცლებით, საზამთროთი, ყველით და ლიმონის წვენით. იცით, რა გემრიელია? თანაც დიეტურია. შეიძლება ორი პროდუქტი მქონდეს და უგემრიელესი რამ გავაკეთო. ეს მაშინ ხდება, თუ მცალია და მოვინდომე.

– სარკეში ყურებას რა დროს უთმობთ?

– ძალიან ცოტა დროს, მით უმეტეს, ამ პერიოდში ჩემი თავისთვის სულ ვერ ვიცლი. მუდამ ძილი მენატრებოდა და სარკის დრო სად იყო?! სხვა დროს კი ზანტი ვარ და მშვიდად, აუჩქარებლად მიყვარს მაკიაჟის გაკეთება.

– საზღვარგარეთ ცხოვრებამ რა კვალი დატოვა თქვენზე?

– ვენაში ევროპულ და საერთაშორისო ბიზნესსამართალზე ვსწავლობდი, მაგისტრატურაც იქ დავამთავრე. მანამდე, 17 წლის რომ ვიყავი, ამერიკაში ვსწავლობდი გაცვლითი პროგრამით და იქიდან დავიწყე სხვანაირი აზროვნება. ეს 2001 წელს იყო და გული მწყდებოდა, რომ ასეთ კორუფციულ ქვეყანაში ვცხოვრობდი. ამერიკაში სულ სხვა სამყარო დამხვდა და ვფიქრობდი, რომ ოდესღაც ჩვენც ასე ვიცხოვრებდით.

ვენაში ყოფნის დროს ქართველი მეგობარი გარდამეცვალა, რომელიც იქ მკურნალობდა და დიდი სტრესი მივიღე. მივხვდი, რომ შეიძლება ერთ წამში დამთავრდეს ყველაფერი და ამ დროს რამდენ რამეზე ვეუბნებით უარს საკუთარ თავს, უმნიშვნელო რამეზე არ უნდა ინერვიულო.

ისეთივე სტრესი მივიღე მაია ასათიანის შვილის გარდაცვალებით. ამ ტრაგედიამ გამახსენა, რომ თურმე კიდევ ვაქცევ რაღაც წვრილმანებს ყურადღებას.

ჟურნალი სარკე, რუსუდან ადვაძე