„თავდაცვის ბიუჯეტის 70% მიმართული იყო სახელფასო უზრუნველყოფაში, ხოლო აღჭურვილობაზე – 2%“

„თავდაცვის ბიუჯეტის 70% მიმართული იყო სახელფასო უზრუნველყოფაში, ხოლო აღჭურვილობაზე - 2%“პარლამენტში თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას ანგარიშს დეპუტატები თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე  უსმენენ.

მინისტრის თქმით, ყველა რეფორმის ყველა მიმართულება სწორედ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზეა ორიენტირებული და იმაზე, რომ საჯარისო დანაყოფები იყოს მოქნილი, დაბალანსებული, თვითმყოფადი, რაც იმას ნიშნავს, რომ შეეძლოს დეცენტრალიზებულად მოქმედება.

– რუსეთთან ომმაც გვასწავლა, რომ შეიძლება დასავლეთი აღმოსავლეთს მოწყდეს, მსგავს შემთხვევებში ჩვენ ვცდილობთ ჩვენი წვრთნებით, ჩვენი მართვის სტილით ავტონომიურ რეჟიმში გადაწყვეტილებების მიღების ისეთი მექანიზმები შევქმნათ, რომ მათ შეეძლოთ იმ ცენტრალური გადაწყვეტილებების ფარგლებში დეცენტრალიზებულად ამ ამოცანების აღსრულება. ეს არის ნატო-ს სტანდარტი, ეს არის ჩვენი ახალი სტანდარტი, რომელსაც ვამკვიდრებთ, – აღნიშნა მინისტრმა.

ლევან იზორიამ სწორედ თავდაცვისუნარიანობის გაზრდით ახსნა სამინისტროში განხორციელებული ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის პროცესი.

– ყველაზე დიდი პრობლემა ეს იყო, თავდაცვის ბიუჯეტში პროპორციულად არ იყო თანხები განაწილებული, თავდაცვის ბიუჯეტის 70% მიმართული იყო სახელფასო უზრუნველყოფაში და სოციალურ დახმარებებზე მიმართული, ხოლო აღჭურვილობაზე 2%. თუ ეს ნაბიჯები არ გადავდგით, ჩვენ ვიქნებით პასუხისმგებელი ქვეყნის და მომავალი თაობების წინაშე. რაც არ უნდა მტკივნეული ყოფილიყო ეს გადაწყვეტილებები, მე ვგრძნობდი ამ პასუხისმგებლობას, რომ გადაგვედგა ეს პრინციპული ნაბიჯები და აგვეხსნა მოსახლეობისთვის, რატომ არის ეს გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი, – აღნიშნა მინისტრმა.