– დედაქალაქის მერი ოპონენტებს ხშირად ნაციონალურ წარსულს უხსენებს. ანალოგიური პრეტენზიები ჩემთანაც ჰქონდა, მაგრამ მის გარშემოც მრავლად ყოფილან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ შორის შევარდნაძის კადრები. ერთ-ერთი მათგანი, უკლება, სულაც იგორ გიორგაძესთან მსახურობდა. ამ ხალხს რომ ვუყურებ, ასე მგონია, მერიაში აჩრდილი დადის, აჩრდილი შევარდნაძისა, – აცხადებს “ახალ თაობასთან” საუბარში “ახალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი.
მისი თქმით, კვლევა, რომელიც “ახალმა საქართველომ” მონიტორინგის ცენტრ “მედიატორთან” ერთად ჩაატარა, იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ მერიაში მაღალ თანამდებობაზე დანიშნული პირებიდან ყოველი მესამე შევარდნაძის დროინდელია.
„ახალი საქართველოს” წარმომადგენელი მათ ვინაობასაც ასაჯაროებს:
– ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე 1995-99 წლებში ქვემო ქართლის პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციაში მრჩეველი იყო, საინტერესოა, რომ მრჩევლის თანამდებობას 17 წლის ასაკიდან იკავებდა.
ეკოლოგიის სამსახურის უფროსი გიორგი წერეთელი 2002-2004 წლებში საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურში სამმართველოს უფროსად მუშაობდა.
შესყიდვების სამსახურის უფროსი დავით მორალიშვილი 1996-99 და 2001-2002 წლებში ფინანსთა სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა.
საფინანსო სამსახურის უფროსი გაიოზ თალაკვაძე 1999-2000 წლებში საქართველოს ვაჭრობის მინისტრის მოადგილე გახლდათ, 2001-2002 წლებში სახელმწიფო ხაზინის საოპერაციო დეპარტამენტში უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, იგორ გიორგაძის დროს უშიშროების სამსახურში ნამუშევარი კადრი ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობს.
– ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი უკლება 1994-2004 წლებში უშიშროების სამსახურის თანამშრომელი იყო, საბურთალოს გამგებელი ბექა მიქაუტაძე საქართველოს პარლამენტში ერთ-ერთი დეპარტამენტის წამყვან სპეციალისტად მუშაობდა.
შევარდნაძის დროს ასევე სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა ზურაბ ჩიკვილაძე. ისნის რაიონის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი 1994-2001 წლებში ნაძალადევის რაიონში განყოფილების უფროსი იყო, – ამბობს “ახალი საქართველოს” წევრი.
შევარდნაძის კადრებად შეიძლება ჩაითვალონ ნარმანიას მოადგილეებიც. საინტერესო ის ფაქტია, რომ ისინი ძალოვან სტრუქტურებში მსახურობდნენ.
აი, რა დადგინდა კვლევის შედეგად:
თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი 1997-2003 წლებში სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მსახურობდა.
ნარმანიას კიდევ ერთი მოადგილე ნინა ხატისკაცი 1999-2002 წლებში თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკოსი გახლდათ.
მერიის ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ხუცურაულიც შევარდნაძის ხელისუფლების პირობებში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას.
ისიც საგულისხმოა, რომ შევარდნაძის აჩრდილები ნაციონალების დროსაც მაღალ თანამდებობებზე მუშაობდნენ.
ლევან ხაბეიშვილი:
– ნარმანიამ ძალიან კარგად იცის, რამდენი ყოფილი ნაციონალია მის გარშემო. და რაკი ამ ადამიანს სხვებისთვის უყვარს ნაციონალობის დაბრალება, დავუსახელებ რამდენიმე ყოფილ ნაციონალს, რომლებიც მის მთავრობაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ.
სოციალური სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი 2004-2011 წლებში მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროში და ნასამართლევია თაღლითობის მუხლით. უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსი ვალერი პაპიაშვილი 2002-2012 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალ თანამდებობებზე.
შესყიდვების სამსახურის უფროსი დავით მორალიშვილი 2004-2006 წლებში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი გახლდათ. იურიდიული სამსახურის უფროსი სოფო გიგანი 2008-2010 წლებში აჭარის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის იურისტი იყო.
საფინანსო სამსახურის უფროსი გაიოზ თალაკვაძე 2006-2010 წლებში სოციალურ პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფდა. ხოლო 2010-2011 წლებში კონტროლის პალატის თანამშრომელი იყო.
მისი თქმით, ნაციონალების დროს მაღალ თანამდებობებზე მუშაობდნენ სამგორის რაიონის გამგებელი გიორგი ბაგრატიონი და ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე.

