ცუცა კაპანაძე ცისფერთვალება მაღალმა ამერიკელმა მოხიბლა

ცუცა კაპანაძე ცისფერთვალება მაღალმა ამერიკელმა მოხიბლაპა-სეანსელი ცუცა კაპანაძე ამერიკიდან საქართველოში 5 დღით ჩამოვიდა და “სარკეს” საინტერესოდ ესაუბრა იმაზე, თუ როგორ ცხოვრობს ოკეანის გაღმა, სადაც უკვე 12 წელია, იმყოფება. ცუცა ნიუ იორკის ქართული კულტურის ცენტრში მუშაობს, თუმცა ენთუზიაზმით, მისი შემოსავლის წყარო კი ექთნის ასისტენტობაა.
– ცუცა, რას აკეთებთ ქართული კულტურის ცენტრში?
– პატარა ემიგრანტებს ვუხსნით, როგორი ჯადოსნური ქვეყანა გვაქვს. ინგლისურენოვან გარემოში იზრდებიან და ქართული ენა რომ არ დაკარგონ, მათთვის აუცილებელია ჩვენს კულტურის ცენტრთან ურთიერთობა. ამ ცენტრს დეკემბერში უკვე 20 წელი უსრულდება.
– თქვენ რას ასწავლით?
– მე გენერალური მენეჯერი ვარ და ასევე – ბავშვთა თეატრის ხელმძღვანელი. სპექტაკლებს ვდგამთ. ახლა “ჩხიკვთა ქორწილზე” ვმუშაობთ.
– ამ ცენტრში მუშაობა საკმარისია ამერიკაში ცხოვრებისთვის თუ სხვა სამსახურიც გაქვთ?
– ამ ცენტრში ხელფასი არ მაქვს. მე და ჩემი მეგობრები ენთუზიაზმით ვმუშაობთ. უპირველეს ყოვლისა, ქართულ საქმეს ვაკეთებთ. სხვაგანაც ვმუშაობ, თორემ სხვაგვარად ვერ ვიარსებებ, იმდენი გადასახადი მაქვს. ერთ-ერთ ოჯახში მამაკაცთან ექთნის დამხმარედ ვმუშაობ. ამ კაცს დავყვები საავადმყოფოში და ა.შ.
– 12 წელი სამშობლოდან შორს ცხოვრება რთულია თუ უკვე შეეჩვიეთ და აღარ გიმძიმთ?
– რთულია, მაგრამ ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ. აქ მცხოვრებმა ქართველმა რეჟისორმა, ქეთი ორჯონიკიძემ, გადამიღო ფილმში “ნანა”, რომელიც ქართველი ემიგრანტი ქალის ცხოვრებაზეა. ფილმმა კანადის საერთაშორისო ფესტივალზე პრიზი აიღო, ასევე – ნიუ იორკის კინოფესტივალზე.

პენსილვანიაშიც უნდა აჩვენონ. იქ ქალთა პრობლემებს განიხილავენ და რამდენიმე ფილმს შორის “ნანა” აირჩიეს.
რაც შეეხება ჩემს ცხოვრებას, მივყვები ნიუ იორკის აჩქარებულ ტემპს და ისევ ველოდები, როდის გამოჩნდება ჩემი პრინცი. დავეძებ სულიკოსავით. ახლახან ერთი გამოჩნდა, მაგრამ არ მინდა რამის თქმა, რომ არ გავითვალო.
– ქართველია?
– არა, ამერიკელი. ერთ სერიოზულ შეხვედრაზე გავიცანი და ჩემმა ცისფერმა თვალებმა, იუმორმა და ღიმილმა მოხიბლა. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე მეუბნება.
– თქვენ რითი მოგხიბლათ?
– ძალიან სიმპათიური პიროვნებაა. თვითონაც ცისფერი თვალები და ქერა თმა აქვს, მაღალია, დიდი მხრებით. ისეთი მაღალია, რომ ველაპარაკებოდი, ლამის ვკითხე, მანდ, ზემოთ, როგორი ამინდი და როგორი ჰაერია-მეთქი.
– მუდამ შეყვარებული ხართ და მერე რა ემართებათ, სად მიდიან ხოლმე თქვენგან ეს მამაკაცები?
– ჩემთან არ რჩებიან და გარბიან, მაგრამ სად მიდიან, არ ვიცი. ალბათ მე ვუშვებ შეცდომას. იცით, რა შეცდომას ვუშვებ? რაც კაცს ევალება, იმას მე ვაკეთებ. მაგალითად, სიურპრიზს და ფეიერვერკს ისინი კი არ მიწყობენ, მე ვუწყობ ხოლმე მათ.
ამ ინიციატივას სულ მე ვიღებდი ჩემს თავზე და ახლა ამ შეცდომას აღარ დავუშვებ. როგორც ჩანს, ამ ამერიკელებს მზრუნველი მანდილოსნები არ მოსწონთ, ურჩევნიათ, პირიქით იყოს. ჰოდა, ახლა დავაცდი, რას იზამს.
– საქართველოზე რა იცის თქვენმა პრინცმა?
– რაღაცები იცოდა და ბევრი რამ, მე რომ გამიცნო, მას შემდეგ გაიგო.
– ქართული კერძების გემოც იცის?
– კი, ხაჭაპური მოეწონა.
– თქვენ გაუკეთეთ?
– არაა… ერთ შეხვედრაზე იყო ხაჭაპური და მაშინ გასინჯა. მე ხაჭაპურის და საცივის გაკეთება არ ვიცი, მაგრამ სხვა რამეები კარგი გამომდის.
ამერიკაში კაცებიც მშვენივრად ამზადებენ. ისე არ არის, რომ ქალი სამზარეულოში უნდა ტრიალებდეს და კაცმა ფული უნდა მოიტანოს. კაცები სარეცხსაც რეცხავენ და ბავშვებსაც უვლიან ისე, როგორც ქალები.
– მეგონა, საქართველოში დაბრუნებას აპირებდით და თქვენ თურმე ამერიკაში გათხოვებას აპირებთ.
– საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები, მნიშვნელობა არ აქვს, გავთხოვდები თუ არა. შეიძლება ისიც წამოვიყვანო ჩემს ქვეყანაში და ისე ჩამოვიდე.
ჟურნალი “სარკე”, რუსუდან ადვაძე