ვინ არიან მილიონერები მერიაში

ვინ არიან მილიონერები მერიაში„ახალი საქართველო” და “მედიატორი” 2 თვის მანძილზე სწავლობდნენ მერიის მაღალჩინოსნების დეკლარაციებს. როგორც “მედიატორის” წარმომადგენელმა ნინო ყურაშვილმა “ახალ თაობას” განუცხადა, მათ 30 მაღალჩინოსნის დეკლარაცია გამოითხოვეს.

აღმოჩნდა, რომ დეკლარაცია მხოლოდ 1 ადამიანს არ ჰქონდა შევსებული. 29 ადამიანიდან 4 პიროვნება მილიონერი აღმოჩნდა.

– მილიონერთა სიაში პირველ ადგილს იკავებს კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია. მეორე, მესამე და მეოთხე ადგილებს ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი უკლება, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე და სამგორის რაიონის გამგებელი გიორგი ბაგრატიონი ინაწილებენ, – აცხადებს “ახალ თაობასთან” საუბარში ყურაშვილი.

ნინო ყურაშვილი მერიის მთავრობაში მილიონერთა სიმწირით ცოტა გაოცებულია. ის უფრო მეტ მილიონერს ელოდა. ის “იმედოვნებს”, რომ დედაქალაქის მთავრობაში რეალურად უფრო ბევრი მილიონერია, რაზეც საუბარი მათ ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას არ ისურვეს.

მას საფუძვლიანი ეჭვი აქვს იმის სათქმელად, რომ ჩინოვნიკები დეკლარაციებს არაკეთილსინდისიერად ავსებენ. ამ ეჭვებს კი კონკრეტული მაგალითები უღრმავებს:

– სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის ქონებრივი დეკლარაციიდან გამომდინარე არც ის და არც მისი ოჯახის წევრი არ ფლობენ საცხოვრებელ ბინას. მის ქონებრივ დეკლარაციაში არ არის მითითებული ქირავნობის და იჯარის ხელშეკრულება, სადაც მას და მის ოჯახს შეეძლებოდა ცხოვრება, ამ შემთხვევაში თუ ისინი ცხოვრობენ მშობლებთან ან ნათესავთან, ქონებრივ დეკლარაციაში ისინიც მოხსენიებული უნდა იყვნენ, როგორც ოჯახის წევრები.

ნაძალადევის რაიონის გამგებლის ირაკლი ხელაძის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მას არ ჰყავს ოჯახის წევრები, არ ფლობს არანაირ ქონებას და ზოგადად მისი ქონებრივი დეკლარაციის ნახვისას აღმოაჩენთ, რომ ის მხოლოდ 500 ლარის მფლობელია.

ნინო ყურაშვილი მიიჩნევს, რომ არ იქნებოდა ცუდი, თუ სათანადო ორგანოები ამ დეკლარაციებით დაინტერესდებოდნენ.

“ახალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ქონებრივი დეკლარაციების პარალელურად მათ შეისწავლეს, თუ რამდენი მათგანის ოჯახის წევრია დასაქმებული სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურში.

2-თვიანი კვლევის შედეგად ასეთი ფაქტები გამოვლინდა:

– ვახტანგ ქიზიყურაშვილის ისნის რაიონის გამგებლად დანიშვნის შემდეგ, მისი ვაჟი ირაკლი ჯერ დიდუბის რაიონის გამგეობაში, ხოლო ამჯერად შპს თბილისელების ჯგუფში გარე განათების სამსახურში დაასაქმეს ტექნიკური განყოფილების უფროსად,

მისი მეუღლე თამარ გურამიშვილი კი 92-ე საჯარო ბაღში მუშაობს.

საბურთალოს გამგებლის ბექა მიქაუტაძის მეუღლე ინგა კორკოტაძე საქართველოს პარლამენტში იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწეა, დიდუბის რაიონის გამგებლის ირმა ზავრადაშვილის მეუღლე არჩილ ჩხარტიშვილი სახელმწიფო კანცელარიაში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას იკავებს.

უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის ვალერი პაპიაშვილის მეუღლე ლილი ქართველიშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროშია დასაქმებული, დედაქალაქის მერის მოადგილის ნატო ქიტიაშვილის ძმა დავით ქიტიაშვილი ასევე დედაქალაქის მერიაში კეთილმოწყობის სამსახურში მუშაობს.

როგორც ნინო ყურაშვილი ამბობს, არც ნარმანიას მოადგილის მეუღლეა უმუშევარი. მისი განმარტებით, ნინო ხატისკაცის ქმარი კაპიტონ ჟორჟოლიანი მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელია.