– არაკეთილმოსურნე ძალები საქართველოში რელიგიური შუღლის ჩამოგდებას რომ ცდილობენ, ამის შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ვაცხადებდი. მაშინაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ამ მხრივ საფრთხეებია აჭარაში, ქვემო ქართლში, პანკისის ხეობასა და მთლიანად კახეთში.
პანკისში რამდენჯერმე იყო ამის მცდელობა. რამდენიმე კვირის წინ იქ ქრისტიანული სალოცავი დაანგრიეს. ეს კონფლიქტი აღარ გამწვავდა იმიტომ, რომ ადგილობრივმა უხუცესებმა და იმამმა მომხდარი დაგმეს.
მაშინ ეჭვი გამიჩნდა, რომ ეს ყველაფერი ვიზალიბერალიზაციასთან იყო დაკავშირებული. ამ დღეებში ბათუმსა და მოხვში განვითარებული მოვლენების შემდეგ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ეჭვი გამართლდა.
საქართველოში ნებისმიერი რელიგიური დაპირისპირების დაწყების მცდელობა პირდაპირ არის მიბმული ჩვენს საგარეო კურსთან _ როგორც კი ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს ამერიკასა და ევროპაში სერიოზულ თემებზე სასაუბროდ იწვევენ, მაშინვე თავს იჩენს ხოლმე რელიგიური პრობლემები, – აცხადებს ზაალ კასრელიშვილი.
მისი აზრით, მოხვში სალოცავ სახლზე ახლა შემთხვევით არ განახლებულა დაპირისპირება, არც ბათუმში მოუთხოვიათ კიდევ ერთხელ მეჩეთის აშენება შემთხვევით.
– რამდენჯერმე სცადეს ქვემო ქართლში ვითარების გამწვავებაც. აქამდე არაფერი გამოუვიდათ, თუ გავითვალისწინებთ დასავლეთის ფლანგზე მიღებულ შედეგს, აქ კიდევ ერთხელ შეეცდებიან სასურველი შედეგის მიღებას. ამჯერად ერთმანეთთან ქართველი სუნიტებისა და აზერბაიჯანელი შიიტების დაპირისპირების მცდელობას ექნება ადგილი.
ბოლო დროს საქართველოს მიმართ დასავლური სტრუქტურების ინტერესი გაათმაგდა და არა იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ მოსწონთ. დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირება, ასევე რადიკალური ისლამის აღზევება ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტს ათჯერ, ხოლო საჭიროებას ასჯერ მაინც გაზრდის.
ამას რუსეთი იოლად არ შეეგუება და შეეცდება, საქართველო მისკენ შეატრიალოს, მაგრამ როგორ? აფხაზეთი და სამაჩაბლო წაიღო, დანარჩენ საქართველოზე დიდი გავლენა არა აქვს. თან მთელმა მსოფლიომ იცის, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ეთნიკური კონფლიქტების უკან მოსკოვი დგას, განუცხადა „ახალ თობას“ ზაალ კასრელიშვილმა.
როგორც ანალიტიკოსმა გვითხრა, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მალე დაიწყება სერიოზული კონფლიქტები.
კითხვაზე: რელიგიური სახის კონფლიქტები დაიწყება? – კასრელიშვილმა „ახალ თაობას“ უპასუხა:
– ამ რეგიონებში კონფლიქტი ქონების გასხვისებას მოჰყვება. ამ საკითხზე აფხაზეთში უკვე დაწყებულია დაპირისპირება. ოკუპირებულ რეგიონებში კონფლიქტს მოსკოვი თბილისთან სავაჭროდ გამოიყენებს, მაგრამ ეს სხვა თემაა.
ახლა რუსეთი იმაზე ფიქრობს, როგორ გააძლიეროს საქართველოს ტერიტორიაზე პრორუსული ძალები სათავისოდ. ეკონომიკურ საკითხებზე ვერ დაგველაპარაკება, თავად არის კრიზისში და კიდევ უფრო გაუჭირდებათ. აქვთ ერთი გამოსავალი _ საქართველოს მოსახლეობა იმაში უნდა დაარწმუნოს, რომ ისლამიზაციის საფრთხე არსებობს.

