“ახლა გვარამიას ტელევიზიას ველაპარაკო… კარგად იყავი მიჩურინის ვაშლი” – ზაქარია ქუცნაშვილი “რუსთავი2”-ის ჟურნალისტს

"ახლა გვარამიას ტელევიზიას ველაპარაკო... კარგად იყავი მიჩურინის ვაშლი" - ზაქარია ქუცნაშვილი "რუსთავი2"-ის ჟურნალისტს– კარგად იყავი მიჩურინის ვაშლი, – ასე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაქარია ქუცნაშვილმა, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტს სასამართლო სისტემაში ე.წ. კლანური მმართველობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ მიმართა.

საუბარია დღეს არასამთავრობო სექტორის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებებზე, რომლის მიხედვითაც სასამართლოში ე.წ. კლანური მმართველობაა და იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლოს ხელმძღვანელებად ოდიოზურ ფიგურებს ნიშნავს.

კითხვის პასუხად მმართველი გუნდის დეპუტატმა თქვა, რომ „იარლიყების მიწეპება რუსთავი 2-ის სტილია“ და ჟურნალისტს „წესიერი ტერმინებით“ საუბრისკენ მოუწოდა.

– მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი გაღიზიანებულია იმ საკადრო გადაწყვეტილებების გამო, რაც მიიღო იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. თორემ მონიტორინგის თაობაზე ერთი სიტყვა არ თქმულა, არც წარმოდგენილა და არც განხილულა დღევანდელ შეხვედრაზე.

iარლიყების მიწებება რუსთავი 2-ის სტილია. კლანური მმართველობა და… ახლა გვარამიას ტელევიზიას ველაპარაკო. ვილაპარაკოთ წესიერი ტერმინებით რა. მიჩურინის ვაშლი, კარგად იყავი მიჩურინის ვაშლი, – მიმართა ზაქარია ქუცნაშვილმა რუსთავი 2-ის ჟურნალისტს კითხვის პასუხად.

შეგახსენებთ, რომ სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შესახებ პრეზენტაცია დღეს ახალგაზრდა იურისტებმა და საერთაშორისო გამჭვირვალობამ ერთობლივი გადაწყვეტილებით ჩაშალეს. მათი განმარტებით, საბჭო მონიტორინგის შედეგებს არასერიოზულად აღიქვამს და შენიშვნებს არ ითვალისწინებს.

ბოლო წვეთი კი, სამოქალაქო სექტორისთვის საბჭოს ის გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე დაინიშნა. არასამთავრობოები შემდგომი რეაგირებისთვის უკვე პარლამენტს მიმართავენ.