მარჯანიშვილის თეატრის ახალგაზრდა მსახიობი, პოპულარული მსახიობის, დავით ხურცილავას (ჯაპანას), ვაჟი, გიორგი ხურცილავა, თვითმფრინავის ბიჭებზე გადაღებულ ფილმ “მძევლებში” გამოჩნდა, სადაც პაატა ივერიელის როლს თამაშობს. ფილმსა და პირადზე ის ჟურნალ “სარკეს” ესაუბრა:
– გადაღებები 9 თვე გრძელდებოდა და ეს 9 თვე ამ ამბით ვცხოვრობდით. ისინი არც გმირები იყვნენ და არც ტერორისტები. განათლებულმა, გამორჩეულმა ბიჭებმა გაბედეს და თვითმფრინავი გაიტაცეს, მათი გაუაზრებელი ქმედება კი ტრაგედიით დამთავრდა. ყველაფერი რომ კარგად დაეგეგმათ, ბევრი ეფიქრათ, შეიძლებოდა საერთოდ არ წასულიყვნენ.
– კინოს კარი თქვენთვის რა ასაკში გაიხსნა?
– 12 წლის ვიყავი, როცა სერიალ “მტვრის გემოში” ვითამაშე, მერე იყო “საახალწლო საჩუქარი”. მაშინ კარგი ბავშვი ვიყავი, რაგბიზე დავდიოდი, სკოლაში კარგად ვსწავლობდი. მშობლებისთვის უპრობლემო შვილი ვიყავი. მერე თავში რაღაც გადამიტრიალდა, ეზოში მეგობრები გავიჩინე, დავლიე, გოგოები გავიცანი, დაიწყო ისეთი ურთიერთობები, როგორიც მოზარდებს აქვთ.
– ამას ისე ყვებით, რომ, მგონი, ნანობთ.
– არაფერს ვნანობ. ეს ყველაფერი საჭიროა, მით უმეტეს, მსახიობისთვის, ეს ცხოვრებაა, ურთიერთობაა, მაგრამ ზომიერებაა საჭირო. ქუჩაშიც ბევრი უნდა ნახო, ურთიერთობებშიც.
– მსახიობი მამის გავლენით აირჩიეთ პროფესია?
– როცა მამაჩემს ვკითხე, სამსახიობოზე ხომ არ ჩავაბარო-მეთქი, ისეთი უარი მივიღე, ვიფიქრე, რომ მართლა საშინელება იყო, ამიტომ ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. ერთ წელიწადში მივხვდი, რომ სხვაგან ვიყავი და ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში.
– თქვენი თეატრალური აფიშა როგორ გამოიყურება?
– წელიწადნახევრის წინ მარჯანიშვილის თეატრის დასის წევრი გავხდი. სულ 5 სპექტაკლში მაქვს ნათამაშევი.
– ცნობილი ოჯახის შვილი ხართ. მამა – მსახიობი დავით ხურცილავა, მამიდა – თეატრთმცოდნე დოდოშკა ხურცილავა. როგორია თქვენი ოჯახური ურთიერთობები და რა შეფასებებს გაძლევენ ისინი, როგორც მსახიობს?
– საკუთარ შეცდომებს თავადაც ვხედავ და ერთად ვსაუბრობთ ამ ყველაფერზე. დოდოშკა უზომოდ განათლებულია, ცოცხალი ენციკლოპედია მყავს.
მამა ყველანაირად გვერდში მიდგას, მის დიდ ძალას ყოველთვის ვგრძნობ. ბევრჯერ ვყავარ გადარჩენილი. ახლა დამოუკიდებლად ვცხოვრობ მეუღლესთან და შვილთან ერთად. მშობლები მშვიდად არიან, ჩემს საქმეს ვაკეთებ, თავში აღარ მიქრის. იციან, რომ წყნარად მძინავს და ჩემს ოჯახს ვუვლი.
– მშობლის პოპულარობა ზოგჯერ შვილს აკომპლექსებს. თქვენზეც ხომ არ იქონია ამან გავლენა?
– მე რა დამაკომპლექსებს, თეატრში ჯაპანიჩი ვარ, ასეა ეს და ამით არანაირი დისკომფორტი მექმნება, არ ვიძაბები. ვიღაცები ისე მიცნობენ, როგორც მსახიობ გიორგი ხურცილავას და არა – ჯაპანას შვილს.
– თქვენი და თამთა შალამბერიძის სიყვარულის ამბავზეც გკითხავთ. სად შეხვდით მომავალ მეუღლეს?
– მე და თამთა ჯგუფელები ვიყავით. 22 წლამდე შეყვარებული არ მყოლია. შეიძლება ბევრი გოგო მომწონებია, მაგრამ თავს ვიკავებდი, არ მინდოდა შეზღუდვები, პასუხისმგებლობები და არც არავის მოტყუებას ვაპირებდი.
თამთა ჩემი უახლოესი მეგობარი იყო. შეკრული ჯგუფი ვიყავით. ლექციაზე ერთად ვისხედით. მეოთხე კურსის ბოლოს, როცა მივხვდი, რომ დროსტარება აღარ მინდოდა, თამთასთან მივედი და ვუთხარი, დამეხმარე-მეთქი.
– რა ტიპის დახმარება სთხოვეთ?
– რომ გვერდში დამდგომოდა. 3 თვე ვხვდებოდით ერთმანეთს, მერე მოვკიდე ხელი და ერთად გადავედით საცხოვრებლად. ქორწილი არ გვქონია. იმ პერიოდში ძალიან აჭრილი ვიყავი, ბევრ რამეზე ვფიქრობდი, პრობლემები მქონდა.
თამთამ დამაწყნარა, მომეფერა. შემდეგ შვილი გვეყოლა და ამან უფრო გაგვილამაზა ცხოვრება. რომ ვუყურებ, როგორ ზრდის თამთა ჩვენს შვილს, ნიკას, კიდევ უფრო შემიყვარდა. თამთა არის ჩემი გადამრჩენელი.
– რა გჭირდათ გადასარჩენი?
– გარეთ გავარდნილი, ერთი მოხეტიალე სტუდენტი ვიყავი, ხან ვსვამდი, ხან რას ვშვრებოდი, ხან – რას. დეტალებზე საუბარს არ ვაპირებ, მაგრამ უაზროდ ვცხოვრობდი, თამთამ ეს ყველაფერი დაალაგა.
ლანა კიკნაძე, ჟურნალი “სარკე”

