_ პროკურატურას გარკვეული საქმეების გამოძიების დაჩქარება ვთხოვე. ადამიანებს, რომლებიც თავად არიან კრიმინალები, შემჩნეული არიან კრიმინალურ ქმედებებში, უფლება არ აქვთ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თავი მამა აბრამის ბატკნად მოაჩვენონ, – აცხადებს ყოფილი დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე.
_ კონკრეტულად, რა კრიმინალურ ქმედებაზე საუბრობთ?
_ ნაცმოძრაობის დროს ნიკანორ მელია იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი. როცა გამოჩნდა ახალი ძალა „ქართული ოცნება“, ნაცმოძრაობამ „ოცნების“ მხარდამჭერებს ტოტალური ტერორი გამოუცხადა. ნაცხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის კომპანია „ბურჯი“ 11 მილიონი ლარით დააჯარიმა, თითქოსდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ჩადიოდნენ.
ეს ქონება სასწრაფოდ გაიტანეს აუქციონზე და 9 მილიონ ლარად გაყიდეს. იყიდა კომპანია „გამამ“. კომპანიის დირექტორი იყო ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი, რომელიც დღესაც ამბობს, რომ ამ კომპანიასთან არავითარი საერთო არ აქვს. მთავარია, რომ აუქციონს აქვს თავისი პირობები, ჯერ უნდა შეიტანო წინასწარ შესატანი. როცა გაიმარჯვებ, მერე გადაიხდი საფასურს.
_ შემდგომში ბატონმა ბიძინამ კომპანია „ბურჯი“ ვეღარ დაიბრუნა?
_ მე მგონი, ეს ქონება ბატონმა ბიძინამ დაიბრუნა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ჩემთვის მთავარი არ არის. მთავარია, სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელმა, ბატონმა მელიამ, ისე, რომ ერთი თეთრი არ გადაუხდია აუქციონში გამარჯვებისთვის, კომპანია „ბურჯი“ გადაუფორმა კომპანია `გამას~. ფაქტობრივად, კომპანია „გამას“ 9 მილიონის ქონება აჩუქეს. ეს არის სერიოზული დანაშაული, რომელზეც აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე. ჩემი ინფორმაციით, საქმე, რომელიც ეხება ნიკანორ მელიას, როგორც ყოფილ ხელმძღვანელ პირს, ბოლომდე არ არის მიყვანილი.
_ თქვენ მელიას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს სვამთ?
_ დიახ, პროკურატურამ უნდა განმარტოს, რის გამო დასრულდა საქმე (თუ დასრულდა), თუ არადა, რატომ არ აგო პასუხი მელიამ ჩადენილი დანაშაულის გამო _ ქონების კანონის ყველა ნორმის დარღვევით პირისთვის გადაცემის ფაქტზე.
ასევე, ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობასა და ნაცმოძრაობას შორის მომხდარი შეტაკებისას ნიკანორ მელიამ, ჩემი ინფორმაციით, მოქალაქე კვანტრიშვილს კასტეტით მძიმე დაზიანება მიაყენა სახის არეში. მას დაადეს 8 ნაკერი. ამ ადამიანმა დაკარგა მხედველობა. პროკურატურას ვთხოვ, ამ საქმით დაინტერესდეს. საქმეზე კვანტრიშვილი დაკითხულია. ძალიან საინტერესოა, საზოგადოებამ გაიგოს, რასთან გვაქვს საქმე. ასეთი პირი ყოველდღე გამოდის და პარტიის ლიდერის პოზიციიდან საზოგადოებას მორალს უკითხავს, მინიმუმ უხერხულია.

