“და – ძმისთვისო, ძმა – სხვისთვისო” – ეს გამოთქმა ზუსტად ერგება ჩემი და ჩემი ძმის ურთიერთობებს. ის რომ დაიბადა, მე 9 წლის გოგო ვიყავი. მახსოვს, დედა სამშობიაროში რომ წაიყვანეს, ისიც მახსოვს, მამა როგორი ბედნიერი იყო ვაჟის დაბადებით. გონებაში ჩარჩენილი მაქვს მისი სამშობიაროდან გამოყვანა, პირველი დაბანვა, პირველი ნაბიჯები და ა.შ.
მის მიმართ დედობრივი გრძნობა მაქვს. ისიც სულ მეუბნებოდა, რომ დასავით კი არა, დედასავით ვუყვარდი, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, სულ სხვანაირი თვისებები გამოამჟღავნა, თურმე არც ისე არ ვყვარებივარ, როგორც მეუბნებოდა.
ჩემი პირადი ცხოვრება უკუღმართად წარიმართა. გავთხოვდი, მაგრამ ოჯახი არ შემრჩა. ქმრისგან გულმოკლული და განადგურებული წამოვედი თოთო ბავშვით ხელში. მშობლების სახლში მივედი.
ჩემმა მეგობარმა რაღაც საქმე წამომაწყებინა, რომელმაც საკმაოდ გაამართლა. თუ რამეს ვშოულობდი, რა თქმა უნდა, სახლში მომქონდა. ძმას იმდენივეს ვუკეთებდი, რამდენსაც ჩემს შვილს, ერთმანეთისგან არ ვარჩევდი. მაშინ მისთვის მსოფლიოში საუკეთესო და ვიყავი, რომელიც სიცოცხლეს ერჩივნა. სამწუხაროდ, ჩემი ამაგი მაშინვე დაავიწყდა, როგორც კი ცოლი მოიყვანა.
თავიდან ყველაფერი კარგად გვქონდა, მერე რძალმა ჩემთან ცხოვრება არ მოისურვა და იძულებული გამხადეს, ნაქირავებ ბინაში გადავსულიყავი. ძმას როცა ვუსაყვედურე, მითხრა, ამდენ ფულს შოულობდი და ერთი ბინა გეყიდა შენთვისო. უცებ დაავიწყდა მანქანა რომ ვუყიდე, ბინა რომ გავურემონტე, ავეჯიც რომ ახალი ვუყიდე, მის ახალმოყვანილ ცოლს ოქროულობა რომ დავკიდე და ჩავაცვი. როცა შევახსენე, მიპასუხა, ეს ყველაფერი წვრილმანია, ამაში განა რა დახარჯე ან ვინ გეხვეწებოდაო.
ქმარმა საშინელი ტრავმა მომაყენა. არ მეგონა, მასზე მეტად ვინმე თუ გამამწარებდა, მაგრამ ძმის უმადურობამ ყველა ტკივილი გადაფარა, რაც კი ოდესმე მიმიღია. ყურებიდან არ ამომდის მისი სიტყვები. რა დავუშავე, ასე რომ გამიმეტა?!
მშობლებიც ჩემთან გადმოვიყვანე საცხოვრებლად. მართალია, ჩემი საქმით იმდენ ფულს ვეღარ ვშოულობ, როგორც წლების წინ, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ყველაფერს ავუდივარ. ღვთის წყალობით, სახლსაც ვიყიდი და ჩემს მშობლებს და შვილს თავიანთი ჭერი ექნებათ, მათ არც არაფერს მოვაკლებ, მაგრამ ძმისგან მოყენებულ ჭრილობას რა მოვუხერხო?! როგორ ვიცხოვრო ამ ტკივილით?! არასოდეს ვაპატიებ, რომ ასეთი რამისთვის გამიმეტა.
ჟურნალი “სარკე”