– აქციზის ზრდამ სტრესი მიაყენა ბაზარს.
ასე აფასებს მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის ზრდის გამო საავტომობილო ბაზარზე შექმნილ სიტუაციას ავტოიმპორტიორების ნაწილი.
როგორც “კავკასიის ავტოიმპორტის’’ ხელმძღვანელის მოადგილე, დავით გულაშვილი “საქმის კურსთან’’ განმარტავს, იაპონიიდან იმპორტირებულ მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე აქციზის თითქმის გასამმაგებამ თითქმის გაანულა საქართველოში იაპონიიდან ავტომობილების იმპორტი.
მისი თქმით, იაპონიიდან თვის განმავლობაში დაახლოებით 2 ათასი ავტომობილი შემოდიოდა, შესაბამისად ამ მოცულობის ავტომობილებზე მოთხოვნა აშშ-ს ბაზარზე გადაერთო.
– დღესაც რეაბილიტაციას განიცდის ბაზარი. მომხმარებელს ისევ უჭირს სიტუაციაში გარკვევა, რატომ გაძვირდა ავტომობილები. ევრო 4 სტანდარტის შემოღება ალბათ უფრო სწორი გამოსავალი იქნებოდა, რადგან ჩავჯდებოდით რეგიონალური ბაზრის სტანდარტებში, – აცხადებს დავით გულაშვილი.
მისი თქმით, აქციზის ზრდის ფონზე ფასები მნიშვნელოვნად არ გაზრდილა ავტომობილებზე, თუმცა გარკვეულ პერიოდში ავტოიმპორტიორი ფასების დინამიკის ცვლილებას პროგნოზირებს.
– სანამ ახალი აქციზის განაკვეთი ძალაში შევიდოდა იაპონელებმა ავტომობილების დიდი პარტია შემოიყვანეს ქართულ ბაზარზე, შესაბამისად, სანამ ეს ნარჩენი, დასაწყობებული ავტომობილები, არ ამოილევა, ფასების მნიშვნელოვან ზრდას არ ველოდებით.
ასეთი ავტომობილების რაოდენობა ბაზარზე დაახლოებით 25 ათასი ცალია და მათი რეალიზაცია დაახლოებით 6-8 თვის განმავლობაში უნდა მოხდეს.
რაც შეეხება ამერიკულ და მარცხენასაჭიან ავტომობილებს, მათზე ფასი აქციზის გაზრდილი განაკვეთის პარალელურად 10-15%-ით გაიზარდა. მას შემდეგ, რაც იაპონური ავტომობილების დარჩენილი მოცულობები ამოიყიდება, ამდენივე პროცენტით შეიძლება მოიმატოს ფასებმა ავტომობილებზე, – განმარტავს გულაშვილი.
bm.ge

