ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია დაამტკიცა. დეკლარაციაში არის რეკომენდაციები იმისათვის, რათა საქართველომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართულებით სწორ გზაზე იაროს.
დეკლარაციის პუნქტში, სადაც საქართველო-რუსეთის ფედერაციის ურთიერთობაზეა საუბარი, ნათქვამია, რომ რუსეთმა უნდა აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და გაიყვანოს ქვეყნის ტერიტორიიდან თავისი შეიარაღებული ძალები.
ექსპერტი გია ხუხაშვილი „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ დოკუმენტის სახელი შეესაბამება განცხადების პათოსს და ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური განცხადება. რუსეთის ფედერაციისგან კი უნდა ველოდოთ ურთიერთობის კუთხით გარკვეულ ნეგატივებს:
– ეს წმინდა წყლის პოლიტიკური განცხადებაა, ეს არის დეკლარაცია და დოკუმენტის სახელი შეესაბამება ამ განცხადების პათოსს. ყველას კარგად ესმის, რომ ეს ვერ მოხდება თუ ეს პუნქტი რამეს შეცვლის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში, სამწუხაროდ მხოლოდ ნეგატიურად და არა პოზიტიურად. ჩვენ მუდმივად უნდა ვუყუროთ დიდ სურათს და ეს კარგია, ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული ამოცანები და მიზნები, გარკვეული ფორმით ვხედავთ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ჩვენი პრობლემების გადაწყვეტას.
რაც დღეს მოხდა, უდაოდ პოზიტივია, მაგრამ ნებისმიერ პოზიტივს აქვს თავისი ნეგატიური მხარე და ნეგატიური მხარე გახლავთ ის, რომ როდესაც შენ ზრდი ფსონებს იმის იმედით, რომ რაღაც მოიგო, ამით რისკებსაც ზრდი, რაც უფრო მეტი გინდა, შენი მტერი უფო ბოროტდება, მარტივად რომ ითქვას.
ასეთი მოძრაობების შემდეგ ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, როგორც წესი რუსეთი არ ტოვებს უპასუხოდ ასეთი ტიპის მოძრაობებს, ნებისმიერი ასეთი მოძრაობის შემდეგ ან მავთულხლართები მოდის აქეთ, ან სხვა ტიპის პროვოკაცია ხდება.
იმედი ვიქონიოთ, რომ ახლა რაიმე დრამატული არ მოხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ამაზე საპასუხოდ რუსეთისგან უნდა ველოდოთ დებოშს. ის, რომ დასავლეთისგან ასეთი ძალისხმევა რაიმე შედეგს გამოიღებს ამ ეტაპზე, ამის ილუზია არ უნდა გვქონდეს. არის ბევრად უფრო პრინციპული თემები, ვიდრე საქართველოა, ბევრად უფრო ცხელი თემები, მათ შორის აქტიური ანუ ცხელი ომის არეალები, სადაც რუსეთი არათუ არ თმობს დასავლეთთან, არამედ ხშირ შემთხვევაში კონტრშეტევაზეც გადადის დასავლეთთან და ეს უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ, – განაცხადა გია ხუხაშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას.

