გიორგი მარშანია: “მაღალ ქუსლებს რომ მივეჩვიე, ნინო სწორედ მაშინ მოკვდა”

გიორგი მარშანია: "მაღალ ქუსლებს რომ მივეჩვიე, ნინო სწორედ მაშინ მოკვდა"მსახიობი გიორგი მარშანია ჟურნალ “სარკესთან” ყვება, როგორ შეიქმნა ტრანსგენდერი ნინოს როლი სერიალში “ჩემი ცოლის დაქალები” და პირადი ცხოვრების დეტალებსაც ამხელს.
გიორგი მარშანია:
– ალბათ ლოგიკური იყო ნინოს ასეთი დასასრული. ფილმები იმისთვის არ იქმნება, რომ ყველაფერი ვარდისფერში იყოს. კომენტარებშიც წერდნენ, რომ ნინოს სიკვდილმა ადამიანები ბევრ რამეზე დააფიქრა.
– ბევრი წერს, რომ ამ გმირით ხდებოდა ტრანსგენდერების პროპაგანდა.
– მე ასე არ ვფიქრობ. ეს როლი გმობდა თუნდაც ბევრისთვის მიუღებელი ადამიანის დაჩაგვრას, ცემას, მკვლელობას, დამცირებას. რეჟისორის და სცენარისტის გარდა, თუ მეც მიმიძღვის წვლილი იმაში, რომ ადამიანებს ერთმანეთის მიმართ აგრესია შეუმცირდათ, ესე იგი ტყუილად არ მითამაშია.
– როგორი იქმნებოდა ნინოს სახე?
– ჩემი დიდი ნერვიულობის ხარჯზე. ჯერ სცენარზე ვნერვიულობდი, მერე გადაღებაზე და ბოლოს იმაზე, ვაითუ, ისეთი არ გამოსულიყო, როგორიც მინდოდა.
ნინო ტრაგიკული პერსონაჟი იყო, მაგრამ თუ რაიმეს გადავამეტებდი, შეიძლებოდა სასაცილო ან გამაღიზიანებელიც გამოსულიყო. ოქროს შუალედის დაჭერაზე ვნერვიულობდი და ამაში გადამღები ჯგუფი ძალიან მეხმარებოდა.
– ამ როლისთვის მოირგეთ ქალის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, გაიკეთეთ მაკიაჟი… თქვენი გმირი რეალობასთან რომ ახლოს ყოფილიყო, ალბათ ქალებს აკვირდებოდით ქცევებზე, სიარულის მანერაზე და ა.შ.
– კი. ქალებს განსაკუთრებით ბოლო სერიებისთვის ვაკვირდებოდი, როცა ნინოს სოსოსთან ჰქონდა სცენები. ჩემი მეგობარი გოგონების პირადი პრობლემები მახსენდებოდა, ვინ როგორ ყვებოდა საყვარელ ბიჭთან დაკავშირებულ ამბებს. ბოლო სერიაში, სუფრის ალაგების სცენის გადაღების დროს გამახსენდა, რომ გაბრაზებული ქალი მაგიდიდან თეფშებს ხმაურით ალაგებს. ალბათ ასე დედაჩემსაც გაუკეთებია.
რაც შეეხება ფეხსაცმელს, მაღალ ქუსლებს რომ მივეჩვიე, ნინო სწორედ მაშინ მოკვდა. გადაღებების საწყის ეტაპზე ფეხსაცმელი მიჭერდა. მერე კი დედაჩემმა 5 წყვილი მომიტანა, რომლებშიც ნაკლებ დისკომფორტს განვიცდიდი.
ყველაზე მეტად არ მომწონდა ის, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით გამართულად ვერ დავდიოდი. ალბათ ამაზე მეტი უნდა მემუშავა. როცა ტრანსგენდერის როლს თანხმდები, ამისთვის ფიზიკურადაც უნდა მოემზადო. მე კი წონაც გამეპარა, მოვიმატე, რაც ძალიან მემჩნეოდა. ასეთი დეტალებიც გასათვალისწინებელია.
– არადა ელასტიკების მორგებაც დაგჭირდათ.
– ელასტიკების მორგება თავიდან ძალიან გამიჭირდა. ბიჭი არაა მიჩვეული, რომ ჯდომის თუ წოლის დროს ფეხები აკონტროლოს და დისკომფორტი მქონდა. მოკლე კაბაში ბიჭივით ვიშხლართებოდი.
– თქვენი და თეკლა ჯავახაძის რომანი ხომ არ განახლდა?
– 2 წელია, რაც მე და თეკლა დავშორდით. დიდი დრო გავიდა. ასე რომ, შერიგებაზე საუბარიც აღარ არის. ახლა სცენაზე ვართ პარტნიორები. ცივილიზებული ურთიერთობა გვაქვს. თეკლასთან დაშორება გამიჭირდა, საშინელი პერიოდი იყო, მაგრამ ცხოვრებაში რაღაც მთავრდება და რაღაც იწყება.
– თეკლას შემდეგ თქვენს ცხოვრებაში არავინ გამოჩენილა?
– არა. არ ვარ ისეთი ადამიანი, რომელსაც ყოველ წამს ვინმე შეუყვარდება. თან იმდენად ვარ საქმეზე გადართული, პირად ცხოვრებაზე ფიქრის დრო არ მრჩება.
სოფიო ბოჭორიძე, ჟურნალი “სარკე”