ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ჯემ ფესტი აქტიურ ფაზაში შედის. მზადება და ციებ-ცხელება დაწყებულია, ანაკლია-განმუხური კი სტუმრების მოლოდინში. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ჯემ ფესტის დამფუძნებელი გიორგი სიგუა საცხოვრებლად ანაკლიაში გადადის.
– რატომ მაინცდამაინც ანაკლია და არა სხვა რომელიმე საკურორტო ქალაქი?
– ძალიან მიყვარს საქართველო და ვარ პატრიოტი, მაგრამ განსაკუთრებული გრძნობები მაქვს სამეგრელოს მიმართ, რადგან წარმოშობით აქედან ვარ. აქ გადმოსახლებასაც კი ვაპირებ.
– სამეგრელოში გადმოსვლას და ცხოვრებას ნამდვილად აპირებთ?
– კი, მე თბილისიდან გადმოვედი საცხოვრებლად სამეგრელოში.
– ოჯახთან ერთად?
– ოჯახს გადმოვიყვან მალე. ბავშვისთვის შევარჩევთ სკოლას და გადმოვალთ.
– ოჯახი ამ გადაწყვეტილებას როგორ შეხვდა?
– გაგებით და კარგად.
– რთულია, ასე უცებ დატოვო თბილისი და საცხოვრებლად გადმოხვიდე რაიონში.
– ჩემთვის აბსოლუტურად არ არის რთული, რადგან ამას ვაკეთებ ძალიან დიდი სიხარულით. მჯერა, რომ სამეგრელო, დასავლეთ საქართველო იმდენად განვითარდება, რომ საერთოდ არ იქნება საჭირო თბილისში ცხოვრება და ჩასვლაც კი. არაფერს ვაჭარბებ – ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, არიან პოტენციური მილიონერები, 4-5 წელიწადში მათი სახლების ადგილას იქნება 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები, რომლებსაც თვითონ ააშენებენ და გააკეთებენ ყოველგვარი კრედიტის გარეშე.
– როგორც ვიცით, ანაკლიაში მიწის ნაკვეთი გაჩუქეს. ამის შესახებ რას გვეტყვით?
– დიახ, ერთმა ქალმა მიწის ნაკვეთი მაჩუქა, სადაც ვაპირებ სახლის აშენებას და ჩემს ოჯახთან ერთად ცხოვრებას. მჯერა, რომ სამეგრელოს ჰყავს ისეთი ხალხი, ისეთი ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია აჩვენოს ეკონომიკური მოდელი არამარტო საქართველოს, არამედ მთელს მსოფლიოს.
მინდა, რომ ამ ყველაფერში მცირეოდენი წვლილი შევიტანო და ეს კუთხე და რეგიონი, რომელიც საკმაოდ დაიჩაგრა საქართევლოს ისტორიის განმავლობაში, გაძლიერდეს, ფეხზე დადგეს, და მსოფლიოსთვის საინტერესო და მიმზიდველი გახდეს.

