იქნება თუ არა ნიკა რურუა ნაციონალების მერობის კანდიდატი

იქნება თუ არა ნიკა რურუა ნაციონალების მერობის კანდიდატი„ევროპულმა საქართველომ“ თბილისის მერობის კანდიდატად ელენე ხოშტარია დაასახელა. თავიდან ითქვა, რომ ნაციონალები მერობის კანდიდატად ნიკა მელიას დაასახელებდნენ. ცოტა ხანში გრიგოლ ვაშაძის გვარმაც გაიჟღერა.

პატრიოტთა ალიანსის წევრ ლადო სადღობელაშვილის ინფორმაციით კი თბილისის მერობისთვის ბრძოლას ნიკა რურუაც აპირებს.

– რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მერის პოსტზე კენჭისყრა რურუასაც უნდა. ნაციონალურ მოძრაობაში, ფაქტობრივად, მას მიჰყავს “პარადი” და, თუ ძალიან მოინდომა, იყრის კიდეც კენჭს, – განაცხადა “ახალ თაობასთან” საუბარში ლადო სადღობელაშვილმა.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში ნაციონალებს არც ფინანსები ექნებათ საძებნელი:

– რურუას ძმა ჟორიკა რურუა სერიოზული ბიზნესმენია. სერიოზული ფული აქვს მათ დიდ მეგობარ ზარალას, იმავე გიორგი რამიშვილს. ფულს არცერთი არ დაინანებს საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად.

პატრიოტთა ალიანსის წევრის თქმით, თუ რურუამ მართლა იყარა კენჭი, თბილისში სერიოზული ბიზნესდაპირისპირება დაიწყება.

– “ოცნება” კალაძის კანდიდატურას თუ დააყენებს და ნაცები – რურუასას, სერიოზული დაპირისპირებაა მოსალოდნელი. კალაძესაც და რურუას კლანსაც რაღაცების გარკვევა მოუწევთ.

სამწუხაროდ, ჩვენ ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ, რომ არჩევნებს ფული იგებს. ისეთი იდეოლოგიაა ქვეყანაში, ფულის გარეშე ზვიად გამსახურდიასაც კი არ მისცემენ ხმას, – მიაჩნია სადღობელაშვილს.

“ოცნების” კულუარებში ამბობენ, რომ კალაძეზე არჩევანი სწორედ იმიტომ შეჩერდა, რადგან მას თავისი ფული აქვს.

– აშკარაა, რომ ივანიშვილს აღარ უნდა ფულის გადაყრა. საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარად სწორედ ფულიანი კანდიდატები შეარჩიეს. თვითმმართველობის არჩევნებზეც ფულიან ხალხს შეარჩევენ მაჟორიტარებად. მათ საკუთარი კამპანია თავად უნდა დააფინანსონ. კალაძეც ამ ნიშნით არის შერჩეული, – ამბობს “ახალ თაობასთან” საუბარში ხელისუფლებასთან დაახლოებული წყარო.

მისივე ინფორმაციით, კალაძესთან დაკავშირებით ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მერის პოსტზე კიდევ რამდენიმე ფულიანი კანდიდატი განიხილება.