”ირაკლი შოთაძე ფიქრის გორაზე მიდის ფარცხალაძესთან ოფისში და მითითებებს იღებს“

”ირაკლი შოთაძე  ფიქრის გორაზე მიდის ფარცხალაძესთან ოფისში და მითითებებს იღებს“– დღეს მთავარი პროკურორი, ფაქტობრივად, ოთარ ფარცხალაძეა. თანამდებობიდან ბიძინა ივანიშვილიც წავიდა, მაგრამ რეალურად ის მართავს ქვეყანას. ასევეა მთავარ პროკურატურაშიც.

ოთარ ფარცხალაძემ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც გაირკვა, რომ ის ბოტასის ქურდობისთვის იყო დაკავებული გერმანიაში. ამ სკანდალის შემდეგ ის მთავარ პროკურორად ვერ დარჩებოდა. თანამდებობიდან გადადგა, მაგრამ მთავარი პროკურორი დღეს ისევ ის არის.

არც ის არის ახალი ამბავი, რომ ირაკლი შოთაძე, რომელიც მთავარი პროკურორია, ფიქრის გორაზე მიდის ფარცხალაძესთან ოფისში და მითითებებს იღებს, – აცხადებს „ახალ თაობასთან“ სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა.

კითხვაზე: რა მითითებებს იღებს ფარცხალაძისგან შოთაძე? კუპრავა აცხადებს:

– რა საქმე გაგრძელდეს, რა დაიხუროს და ა.შ. იმ მითითებებს იძლევა, რომლებიც საგამოძიებო სამსახურის უფროსმა უნდა გასცეს.

ფარცხალაძესთან დაკავშირებით ყოფილმა დეპუტატმა გივი თარგამაძემ საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა. მისი ინფორმაციით, ფაქტობრივი მთავარი პროკურორი გადაადგილდება ფინანსური სამსახურის ბალანსზე არსებული მანქანით, რომელიც ამ უწყებამ 500.000 ლარად შეიძინა.

მაინტერესებს, ჯერ რა საჭირო იყო ასეთი ძვირადღირებული ავტომობილის შეძენა, მაგრამ, თუ მაინც იყიდეს, რატომ დადის ამ მანქანით პირი, რომელიც ოფიციალურად ჩვეულებრივი მოქალაქეა?! წესით, ამ საქმეზეც უნდა დაიწყოს გამოძიება, მაგრამ, მეეჭვება, ამაზეც მოსთხოვონ პასუხი.

– ლაშა თორდია ისეთ სამსახურს ხელმძღვანელობს, რომ ის ჩინოსნების უმეტესობას არ მოსწონს. მას დარღვევების გამოვლენას კანონი ავალდებულებს. ესეც ასრულებს თავის საქმეს. ვიღაც უკმაყოფილოა, მაგრამ მასზე თავდასხმა თავში აზრადაც კი არავის მოსვლია. ასეთი შემთხვევები არც წინა ხელისუფლებების დროს ხდებოდა. ფარცხალაძემ გადაწყვიტა, ბანდიტურად გაესწორებინა ანგარიში.

გენერალური აუდიტორის თქმით, მან ყოფილ მთავარ პროკურორზე მნიშვნელოვანი მასალები მოიპოვა. ამ ფაქტების გასაჯაროებას ის ამ დღეებში აპირებდა. ეს ინფორმაცია ოთარ ფარცხალაძის ყურამდე მივიდა. ეყოლება აუდიტის სამსახურში თავისი ხალხი.

აუდიტის სამსახურის უფროსს სასამართლოში ვერ უჩივლებდა, რატომ სწავლობ ჩემს საქმესო და ფიზიკურად გაუსწორდა. თორდია ამ მასალებს გაასაჯაროებს, მაგრამ ფარცხალაძეს არც ამაზე მოსთხოვენ პასუხს. არ მოსთხოვენ პასუხს და ხვალ ის, შესაძლოა, ირაკლი კობახიძესაც დაესხას თავს. არც ეს იქნება მისთვის რაიმე პრობლემა

აუდიტის სამსახურის მსგავსად, პარლამენტსაც მაკონტროლებლის ფუნქცია აკისრია. მათაც შეიძლება, რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევა აღმოაჩინონ და, ფარცხალაძეს თუ არ მოეწონება ეს ამბავი, კობახიძესაც გაუსწორებს ანგარიშს. აღარაფერს ვამბობ რიგით დეპუტატებზე.

თორდიაზე თავდასხმას ბევრი უარყოფითი შეფასება მოჰყვა. არ არის გამორიცხული, ფარცხალაძემ ყველას ჩამოუაროს, ჩემი ჩათვლით და თავისი ზონდერებით ხულიგნურად დაგვესხას თავს, – აცხადებს „ახალ თაობასთან“ ზვიად კუპრავა.