ინგლისელი მსახიობი სერ როჯერ მური, რომელიც ყველაზე მეტად ჯეიმს ბონდის როლით არის ცნობილი, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგორც მისმა ოჯახმა „ტვიტერზე“ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, როჯერ მური სიმსივნის შედეგად გარდაიცვალა.
– ძალიან დიდი მწუხარებით გვინდა გაცნობოთ ჩვენი საყვარელი მამის, სერ როჯერ მურის გარდაცვალების შესახებ. ის სიმსივნეს მოკლე დროის განმავლობაში ებრძოდა. ის სიყვარული, რომლითაც მამა ბოლო პერიოდში იყო გარშემორტყმული, შეუძლებელია სიტყვებით გადმოიცეს.
მამას, თავისი სურვილის შესაბამისად, მონაკოში დაკრძალავენ, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც როჯერ მურის შვილები „ტვიტერზე“ ავრცელებენ.
მური ჯეიმს ბონდის პერსონაჟს 1973-1985 წლებში გადაღებულ ფილმებში განასახიერებდა.