– ივანიშვილის მთავარი პრობლემა არის ის, რომ მან არ იცის, საიდან და როდის ელოდება დარტყმას. მან შეიძლება გააყალბოს არჩევნები, ყველაფერი თავის ჭკუაზე ჩაატაროს, მაგრამ იმდენად მყიფეა ეს ავტორიტარული სისტემა, რომ რაც გინდა დაწეროს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, თბილისელებს შეუძლიათ, 100 ათასი კაცი გამოვიდეს რუსთაველის გამზირზე და სამ დღეში დაამთავროს ნებისმიერი რეჟიმი!
აქედან გამომდინარე, არჩევნებს ვინ მოიგებს და ვინ არა, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა! რეალურად ყველამ კარგად იცის, რომ არც თვითმმართველობა გვყავს და არც _ ლეგიტიმური ხელისუფლება. ჩვენ გვაქვს ივანიშვილის რეჟიმი, რომელსაც უნდა მოვერიოთ, – აცხადებს კახა კუკავა „ახალ თაობასთან“.
მისი აზრით, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როდის დადგება 100 ათასი კაცი რუსთაველის გამზირზე! თუ არჩევნებამდე მოხდა ეს, მაშინ არჩევნებში წააგებს, თუ არჩევნების შემდეგ მოხდა, მაშინ არჩევნების შედეგებს გააუქმებს.
კითხვაზე ვინ იქნება „ოცნების“ სავარაუდო კანდიდატი თბილისის მერის პოსტზე, კიუკავა პასუხობს:
_ ითქვა უკვე, რომ კალაძის კანდიდატურის დაყენებას აპირებს ხელისუფლება. რაც შეეხება ნარმანიას, ამ მთელი კორუფციული სკანდალების შემდეგ ხელისუფლება აცხადებს, რომ ნარმანიას კანდიდატურა განიხილება გენერალური აუდიტის პოსტზე.
გენერალური აუდიტის მთავარი ფუნქცია არის, რომ თუ სადმე ფული გაიხარჯება არამიზნობრივად, თუნდაც 5 ლარი, ისიც უნდა გამოიკვლიოს და ამ სამსახურის უფროსად ინიშნება ამ საქმის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ჩინოვნიკი, ნარმანია!
ეს ხომ არის ივანიშვილის მხრიდან ქართველი ხალხისთვის სახეში შეფურთხება?! სახელმწიფოსთვის სახეში შეფურთხება და იმის თქმა, მე სულ ფეხებზე მკიდია ქართული სახელმწიფო და მისი კანონმდებლობაო! ადამიანს, რომელსაც ციხეში უნდა უშვებდნენ, მთავარ აუდიტორად გვინიშნავენ! ეს იგივეა, შინაგან საქმეთა მინისტრად კანონიერი ქურდი რომ დანიშნონ!

