ლაშა თორდია: „ვფიქრობ, რომ მოწმეებზე ზეწოლა განხორციელდება და მათი დამუშავება მოხდება”

ლაშა თორდია: „ვფიქრობ, რომ მოწმეებზე ზეწოლა განხორციელდება და მათი დამუშავება მოხდება”სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს თითქოს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ცდილობდა ჩხუბის დაწყებას. თორდია მოწმეებზე ზეწოლის განხორციელებას არ გამორიცხავს.

– გუშინდელი დღიდან გამომდინარე, ჩემი ნდობა პროკურატურის მიმართ არის მინიმალურზე მინიმალური. ჩემი ეჭვი ეფუძნება იმ გარემოებებს, რაც გუშინ განვითარდა მას შემდეგ, რაც ჩემთან იყვნენ პროკურორები და დამისვეს შეკითხვები, მქონდა თუ არა დალეული ალკოჰოლური სასმელები, უკვე საღამოს კი ვიხილეთ განცხადება, რომელიც გააკეთა ბატონმა ოთარმა.

გამიჩნდა დიდი ეჭვი, რომ მოქალაქე ოთარ ფარცხალაძე და მთავარი პროკურატურა მოქმედებენ შეთანხმებულად. ამას ემატება ის, რომ მის სახლში მობილიზებულია ფინანსური პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, ადამიანები, რომლებიც ღამის 2 და 3 საათზე მასთან იკრიბებიან და განიხილავენ რაღაც საკითხებს, – განაცხადა თორდიამ.

– ვფიქრობ, რომ მოწმეებზე ზეწოლა განხორციელდება და იმ ადამიანების დამუშავება მოხდება, რომლებიც მომხდარ ფაქტს დაესწრნენ. რაც შეეხება გამომძიებლების შეკითხვებს, მათ სახლში მივიღებ და გავცემ ყველა კითხვაზე პასუხს, – განაცხადა ლაშა თორდიამ.

ლაშა თორდიამ ალადაშვილის კლინიკა უკვე დატოვა.