ლევან ალაფიშვილი: ”ბიძინა ივანიშვილის დაწყებულ რეფორმას ”ქართული ოცნება” აუქმებს”

ლევან ალაფიშვილი: ''ბიძინა ივანიშვილის დაწყებულ რეფორმას ''ქართული ოცნება'' აუქმებს''– ხელისუფლება ცდილობს, შეფუთოს ის მავნებლობა, რომელსაც გეგმავს 7 თვითმმართველ ქალაქთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ გამოსდის და ბოლო პერიოდში არც უარყოფს, რომ 7 ქალაქი აღარ იქნება თვითმმართველი ერთეულის სტატუსის მქონე.

სიტყვებით თამაშობენ. ამბობენ `ქალაქი~, რაც ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. მაგალითად, ზუგდიდი 2014 წლამდეც და ახლაც იყო ქალაქი, მაგრამ მაშინდელ და დღევანდელ ქალაქს შორის რამდენიმე დიდი განსხვავებაა: იმ ქალაქს არ შეეძლო დამოუკიდებლად ხელშეკრულებების გაფორმება, არ ჰქონდა დამოუკიდებელი ბიუჯეტი, საკუთარი ორგანოების მიერ დამტკიცებული, რომელიც მოხმარდებოდა მხოლოდ ქალაქის მიზნებს. ეს ეხება ასევე ქონებასა და ა.შ. არსებობდა არა ქალაქ ზუგდიდის ქონება, არამედ ზუგდიდის თემის, მუნიციპალიტეტის საკუთრება და არა _ ქალაქის.

რაც შეეხება ორგანოებს: დღეს ქალაქ ზუგდიდს საკრებულო ჰყავს. ჰყავს არჩეული მერი. ორივე ორგანო ხალხის მიერ პირდაპირი წესით ირჩევა. ქალაქი სახელწოდება იყო და რჩება, იმ განსხვავებით, რომ ეს უფლებები ერთმევა. სამტრედია ქალაქია და რჩება როგორც ქალაქი, მაგრამ ეს უფლებები აღარ ექნება. ეს განსხვავებაა. ცალკე სამტრედიას ბიუჯეტი არ ექნება, მუნიციპალიტეტს ექნება. ცდილობენ, შეფუთონ გაუაზრებელი და სრულიად ნაჩქარევი გადაწყვეტილება.

2013 წელს ეს გადაწყვეტილება, რაც არის მონაპოვარი, პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის ჩარევის შედეგად იქნა დაგეგმილი და მიღებული, მათ შორის გამგებლებისა და მერების პირდაპირი წესით არჩევა. მაშინ ამ ყველაფრის წინააღმდეგი იყვნენ შს და ფინანსთა მინისტრები, ამიტომ მოუხდა მას პერსონალური ჩარევა. ეს არის ბიძინა ივანიშვილის დაწყებული რეფორმა, რომელსაც ახლა აუქმებენ. როგორ მაინტერესებს, დღეს რას ეუბნება ბიძინა ივანიშვილს თავისი გუნდი _ ეს რა სისულელე ქენი?! – აცხადებს ”ახალ თაობასთან” კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი.

კითხვაზე – გაამართლა თუ არა ამ  სისტემამ? – ლევან ალაფიშვილი პასუხობს:

– არ შეიძლება, ეს არგუმენტად მოიშველიო. 7 ქალაქის შემთხვევაში საუბარია 3 მილიონზე, არავითარი 40 მილიონი. მაშინ, მათი ლოგიკით, პარლამენტის შენახვაც ძვირი ჯდება, ასევე, რად გვინდა მთავრობა, რადგან მისი შენახვა ძვირი ჯდება.

7 თვითმმართველ ქალაქს სტატუსს გავუუქმებთ და მერე წარმოგიდგენთ სტრატეგიასო. ერთადერთი დასკვნის საფუძველი რჩება: ძალაუფლების კონცენტრაცია ყველა დონეზე, ყველა სფეროში.

თვითმმართველობის რეფორმა ამ მიმართულებით განსაკუთრებით მტკივნეულია ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ფონზე. აფხაზებისა და ოსებისთვის ეს ძალიან ცუდი გზავნილი იქნება. ერთ სახელმწიფოში ცხოვრებაზე ვესაუბრებით და ამ დროს ასეთ გზავნილებს ვუშვებთ. ასევე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უმცირდება სტატუსი.

დღეს აჭარას საკუთარი ქონების მართვაში სრული ავტონომია აქვს. ხდება ამ ქონების მართვის შეზღუდვა. ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭო თუ როგორი წესით უნდა დაკომპლექტდეს _ პროპორციულით, მაჟორიტარულით თუ შერეულით, ამ საკითხზეც სრული ავტონომია აქვს. თუმცა, ამ ცვლილებებით ამ უფლებას ართმევენ და დგინდება, რომ თბილისში ახალი კანონით მოხდეს ამის რეგულირება.