ლევან ხაბეიშვილი: „პარლამენტში პრემია-დანამატის სახით 4.852.698 ლარი მიიღეს“

ლევან ხაბეიშვილი: „პარლამენტში პრემია-დანამატის სახით 4.852.698 ლარი მიიღეს“პრემიების, დანამატების და საწვავის ხარჯვის სიყვარულში აღმასრულებელ ხელისუფლებას არც პარლამენტი ჩამორჩა. მიმდინარე წლის 4 თვეში დეპუტატების შენახვა ბიუჯეტს რამდენიმე მილიონი ლარი დაუჯდა.

დეპუტატების საამური ცხოვრების შესახებ კვლევა მონიტორინგის ცენტრმა “მედიატორმა” და “ახალმა საქართველომ” ჩაატარეს.

როგორც “მედიატორის” წარმომადგენელმა მარიამ ქელბაქიანმა “ახალ თაობას” განუცხადა, 2017 წლის 1 იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს ხელფასის სახით 3.039.081 ლარი მიეცათ. საიდანაც დანამატი 1.839.281 ლარია.

ყველაზე მაღალ ანაზღაურებას ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გია ვოლსკი, ირმა ინაშვილი, დავით ბაქრაძე, სერგი კაპანაძე, ხათუნა გოგორიშვილი, ზვიად ძიძიგური, რომან გოცირიძე და ილია ნაკაშიძე იღებენ.

თითოეული მათგანის შემოსავალმა მიმდინარე წლის 5 თვეში 23.000 ლარს გადააჭარბა.

ამ მაღალანაზღაურებად დეპუტატებს ფაქტიურად არაფერში ვუხდით ფულს. “ახალი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა კვლევის შედეგების პრეზენტაციისას განაცხადა, რომ მაღალანაზღაურებებიდან მხოლოდ 3 გამოსულა საკანონმდებლო ინიციატივით.

საკანონმდებლო ინიციატივებით თავს არც სხვა დეპუტატები იწუხებენ.

აი, რას ამბობს ლევან ხაბეიშვილი:

– მეცხრე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან, 100 დღის განმავლობაში, 120 პარლამენტარი არც ერთი კანონპროექტის ინიციატორი არ ყოფილა. ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე ათი პარლამენტარიდან თითო ინიციატივა წამოაყენა მხოლოდ სამმა – ირაკლი კობახიძემ, გიორგი ვოლსკიმ, რომან გოცირიძემ. რაც შეეხება დანარჩენ შვიდს – თამარ ჩუგოშვილს, ირმა ინაშვილს, დავით ბაქრაძეს, სერგი კაპანაძეს, ხათუნა გოგორიშვილს, ზვიად ძიძიგურს და ილია ნაკაშიძეს, მათ 100 დღის განმავლობაში საკანონმდებლო ინიციატივა არ შემოუთავაზებიათ.

დეპუტატების გარდა, შემოსავლით პარლამენტის აპარატიც არ უნდა იყოს უკმაყოფილო.

აპარატის 17-მა თანამდებობის პირმა 4 თვეში, სახელფასო ანაზღაურების სახით, 283.997 ლარი მიიღო. აქედან დანამატი და პრემია 165.917 ლარს შეადგენს.

– დეპუტატების მსგავსად, აპარატის თანამშრომლების პრემია-დანამატი შეადგენს სახელფასო დანახარჯის თითქმის 60%-ს. 4 თვეში პარლამენტის აპარატის დანარჩენი თანამშრომლებისთვის სახელფასო ანაზღაურების სახით გაცემულია 4.838.175 ლარი. აქედან თანამდებობრივი სარგო 1.990.673 ლარია, დანამატი – 314.020 ლარი, პრემია – 533.480 ლარი, – ამბობს ქელბაქიანი.

საბოლოო ჯამში მივიღეთ ასეთი სურათი – პარლამენტის დეპუტატებმა, აპარატმა და თანამდებობის პირებმა 2017 წლის პირველ 4 თვეში მხოლოდ პრემია-დანამატის სახით 4.852.698 ლარი მიიღეს.

“მედიატორმა” და “ახალმა საქართველომ” დაიანგარიშეს, თუ რა სასიკეთო საქმეების გაკეთება შეიძლებოდა ამ პრემია-დანამატებით.

– იმ თანხით შესაძლებელი იყო იძულებით გადაადგილებული, უსახლკარო 220 დევნილი ოჯახისთვის მიეცათ 22.000-ლარიანი კომპენსაცია. ამავე თანხით შეიძლებოდა, იმ ათი ათასობით ადამიანიდან, რომლებიც სოციალურ დახმარებასა და ყოველთვიურ 50-ლარიან შემწეობას ითხოვენ, 8.000 ადამიანი ერთი წლის განმავლობაში დაეკმაყოფილებინათ, – ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

მისივე თქმით, 39.000-ზე მეტ სტუდენტს სტატუსი შეჩერებული აქვს, მათგან 9.800 ფინანსური პრობლემების გამო. ამ თანხით შესაძლებელი იყო 4.900 სტუდენტისთვის საშუალოდ ათასი ლარის გადახდა, რითაც ისინი სწავლის გაგრძელებას შეძლებდნენ.

სხვა სიკეთეებთან ერთად კანონმდებლები სახელმწიფო ავტომობილებითაც სარგებლობენ.

დღეისთვის პარლამენტის ბალანსზე 94 ავტომობილი ირიცხება. “მედიატორის” და “ახალი საქართველოს” კვლევიდან ჩანს, რომ დეპუტატებს აქეთ-იქეთ სიარული ჰყვარებიათ.

– მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, საწვავის ხარჯმა პარლამენტში 92.690 ლიტრი შეადგინა, რაც სულ ცოტა 185.000 ლარი ღირს. 3 თვეში საწვავის ყველაზე დიდი დანახარჯი ჰქონდათ დეპუტატებს: ირაკლი კობახიძეს, სერგი კაპანაძეს, ილია ნაკაშიძეს, ირაკლი კოვზანაძეს, მარიამ ჯაშს, არჩილ თალაკვაძეს, სიმონ ნოზაძეს, ზვიად კვაჭანტირაძეს, გიორგი ჟორჟოლიანს, ირაკლი ტრიპოლსკისა და დავით ბაქრაძეს, – ამბობს მარიამ ქელბაქიანი.

მან საწვავის საუკეთესო მხარჯველების ხუთეულიც გამოავლინა. როგორც მოსალოდნელი იყო, პირველ ადგილზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გავიდა. მის ანგარიშზე 3 თვეში 2.078 ლიტრი საწვავი მოდის.

მეორე ადგილს 1.900 ლიტრი საწვავით დავით ბაქრაძე იკავებს. ირაკლი ტრიპოლსკი 1.850 ლიტრი საწვავით მესამე ადგილზე გავიდა.

ილია ნაკაშიძე 1.817 ლიტრით მეოთხე ადგილზეა, სერგი კაპანაძე კი 1.708 ლიტრით მეხუთე ადგილს იკავებს.

ქელბაქიანის განმარტებით, თუ 11 მხარჯველი დეპუტატისთვის ყოველთვიური­ საშუალო დანახარჯი 600 ლიტრს აჭარბებს, დანარჩენი 83 ავტომობილის შემთხვევაში ხარჯი 350-დან 400 ლიტრამდე მერყეობს.