ლევან ხაბეიშვილი: „ყოველდღე ჩინოსნების ჯიბეში გაჭირვებულებისთვის განკუთვნილი 20.000 ლარი მიდის“

ლევან ხაბეიშვილი: „ყოველდღე ჩინოსნების ჯიბეში გაჭირვებულებისთვის განკუთვნილი 20.000 ლარი მიდის“უფასო სასადილოებთან დაკავშირებით კიდევ ერთი სკანდალი აგორდა. სამოქალაქო პლატფორმა„ახალმა საქართველო“ 3-თვიანი მონიტორინგის შედეგად სერიოზული დარღვევები გამოავლინა.

ამ დარღვევებზე ისინი დედაქალაქის მერიის ხელმძღვანელობასთანაც აპირებდნენ საუბარს, მაგრამ დავით ნარმანიას ბრძანებით ისინი მერიის შენობაში არ შეუშვეს. არადა, მათზე საშვები წინასწარ იყო დაშვებული. მერის გაცხარების მიზეზი ამ შეხვედრამდე ერთი საათით ადრე გამართული პრესკონფერენცია გახდა, სადაც უფასო სასადილოებში აღმოჩენილ დარღვევებზე იყო საუბარი.

ნარმანიას მიერ უარყოფილმა „ახალმა საქართველომ“ კიდევ ახალი დარღვევები გამოავლინა. ისინი კორუფციულ სქემაზეც საუბრობენ და მთავარი პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

_ უფასო სასადილოების მონიტორინგი 3 თვის წინ დავიწყეთ და ის დღესაც გრძელდება. ადგილი აქვს სისტემურ კორუფციას, _ აცხადებს „ახალ თაობასთან“  საუბარში „ახალი საქართველო“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი.

არც ის არის შემთხვევითი, რომ ბენეფიციართა რაოდენობა 39.000-მდეა გაზრდილი. კორუფციული სქემა კი ასე გამოიყურება:

ყოველდღიურად ბიუჯეტიდან მიდის ფული 39.251 ადამიანის გამოკვებაზე, რეალურად კი 15.000-დან 20.000-მდე ადამიანს აჭმევენ მხოლოდ.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, უფასო სასადილოებით ბენეფიციართა 50% სარგებლობს მხოლოდ.

„ახალმა საქართველომ“ 3 თვის განმავლობაში 63 უფასო სასადილოში ჩაატარა კვლევა, რომელიც მონიტორინგის ავტორებს შემდეგი დასკვნის გაკეთების საფუძველს აძლევს:

_ იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ჩვენ კვლევას ვატარებდით, არცერთ უფასო სასადილოში ბენეფიციარების ნახევარზე მეტი არ მისულა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩინოვნიკები ყოველდღიურად იჯიბავენ სოციალურად დაუცველების ფულს.

ხაბეიშვილის განმარტებით, ჩინოსნების ჯიბეში დღეში სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილი 20.000 ლარი მიდის.

_ ეს თანხა წელიწადში 8 მილიონი ლარია დაახლოებით. ეს ფული მერიისა და გამგეობების, ასევე კონკრეტული კომპანიის წარმომადგენლებზე ნაწილდება, _ მიიჩნევს „ახალი საქართველოს“ წარმომადგენელი.

ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა დედაქალაქის საკრებულოსაც ეკისრება, რადგან ის ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავს.

„ახალმა საქართველომ“ უფასო სასადილოების მონიტორინგი გუშინ, 11 მაისსაც განახორციელა. როგორც მისმა წარმომადგენელმა დიმიტრი ბიძინაშვილმა გვითხრა, მათ ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ობიექტი შეამოწმეს.

ამ ობიექტზე 850 ბენეფიციარი ირიცხება.

_ სადღაც 13.30 წუთზე გვითხრეს, რომ ისინი 850 ადამიანს მოემსახურნენ, რაც სრულიად წარმოუდგენელია. 2 მზარეული 3,5 საათის განმავლობაში 850 ადამიანს ვერ მოემსახურებოდა, _ აღნიშნავს ბიძინაშვილი.

ლევან ხაბეიშვილი ვარაუდობს, რომ უფასო სასადილოებში კოპერფილდები არიან დასაქმებული, რადგანაც, მისი თქმით, ჩვეულებრივი ადამიანები ასეთი სასწაულის მოხდენას ვერ შეძლებენ.

„ახალმა საქართველომ“ ცადა გაერკვია, როგორ ახერხებენ ისინი ასე სწრაფად მუშაობას, თუმცა არაფერი გამოუვიდა.

ლეონიძის ქუჩაზე მათ სააღრიცხვო ჟურნალიც შეამოწმეს, სადაც საინტერესო რამე აღმოაჩინეს. აღმოჩენის შემოწმებას ისინი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში აპირებენ.

_ ჩვენ გვითხრეს, რომ 13.30 საათისთვის 850 ადამიანს მოემსახურნენ, სააღრიცხვო ჟურნალში კი 200 ხელმოწერა იყო დაფიქსირებული. ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ ხელმოწერები ერთისა და იმავე ადამიანის მიერ იყო გაკეთებული. ვიღაცას ტყუილად რომ არ დავდოთ ბრალი, მოვითხოვთ, რომ ეს ხელმოწერები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში შემოწმდეს, _ ამბობს ბიძინაშვილი.